აპრილის ბოლომდე რომ ნახოთ კვლევები და დაგვისახელოთ, სად ხედავთ დამატებითი შესწავლის საჭიროებას – თურნავა ნამახვანჰესზე ექსპერტებს

პუბლიკა

„ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ სრულყოფილება არ არსებობს და ნებისმიერი რამ მართლაც შეიძლება, დაიხვეწოს“, – განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

სამინისტროს ცნობით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში პროფილურ ექსპერტებთან (ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, ჰიდროლოგებთან, გეოლოგებთან და სხვ.) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, მათი შეთავაზებაა, პროცესში ჩართულმა ექსპერტებმა აპრილის ბოლომდე  გადახედონ ჰესთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევებს და თუ ისინი დაინახავენ რისკებს და საჭიროდ მიიჩნევენ დამატებით კვლევას, სახელმწიფო ჩაერთვება ამ ნაწილში.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყველაზე კრიტიკული ნაგებობები – კაშხალი და წყალსაცავი არ აშენდება ძირითადი კვლევების გადამოწმება-ვალიდაციის გარეშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნულიდან  უნდა დავიწყოთ. მართლაც, საკმაოდ შრომატევადი პროცესი ახლდა ამ პროექტის მომზადებას და ბევრი სოლიდური კვლევა ჩატარდა, მაგრამ ამ კვლევებს სჭირდება თქვენი მხრიდან  ვალიდაცია/გადამოწმება და თუ კი თქვენ დაინახავთ, რომ რაღაც აკლია გეოლოგიასთან დაკავშირებულ კვლევებს, ან ჰიდროლოგია საჭიროებს მეტ გადამოწმებას, ან სეისმიკა არის ისეთი, სადაც გარკვეულ რისკს ვხედავთ, ან კლიმატთან დაკავშირებოთ არის ისეთი საკითხები, რაც ბოლომდე არ არის გარკვეული და ამ რისკებს დაგვისახელებთ, ჩვენ მზად ვართ (უკვე სახელმწიფო და არა ინვესტორი), რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი მიკერძოებასთან დაკავშირებით, ჩავრთოთ თქვენი ორგანიზაციები ამ კვლევების დახვეწაში და გარკვეული წინადადებების შემუშავებაში.

ჩვენ გვინდა, ეს პროცესი შემდეგნაირად შემოგთავაზოთ – აპრილი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოგცეთ შესაძლებლობა, ნახოთ ეს კვლევები, ერთმანეთში განიხილოთ. ვნახოთ, სად ხედავთ თქვენ რისკს და აპრილის ბოლოსთვის, ან უფრო ადრეც, მაგრამ არაუგვიანეს აპრილის ბოლო დღეებისა, ისევ ასეთი შემადგენლობით შევიკრიბოთ და უკვე მოვისმენთ თქვენგან აზრს, რა აკლია კვლევას, სად ხედავთ საჭიროებას დამატებითი სამეცნიერო აზრის ჩართვის. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ამის შემდეგ დავიწყებთ კონკრეტულად მუშაობას ამ დამატებითი კვლევების შესასწავლად“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, სამინისტრო მზადაა, ისინი ჩართოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცესშიც.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: დავით მირცხულავა, პაატა ცინცაძე, ლეონტინა გალდავა, მალხაზ მიმინოშვილი, ნინო ჩხობაძე, აკაკი ფანჩულიძე, ნიკოლოზ ინაშვილი, თამაზ ჭელიძე, მერაბ გაფრინდაშვილი, ლიკა მეგრელიძე, ბესო ქავთარია, თეა გოდოლაძე და სხვები.