პოლიცია გუმათში შეკრებილებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები გუმათჰესის მიმდებარე ტერიოტორიაზე არიან შეკრებილნი და მოითხოვენ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეთ, რადგან იქ ალტერნატიულ ადგილას პროტესტი განაგრძონ.

პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას ამ დრომდე არ აძლევს და მათ ნახევარი საათი მისცეს იმისთვის, რომ დაიშალონ და გუმათჰესის მიმდებარედ გადაკეტილი სამანქანო გზა გაათავისუფლონ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა“,- განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა იქ შეკრებილ აქტივისტებს.

„სახეს არ ვკარგავთ, ხელებაწეული ვხვდებით თუ გადაგვივლიან. დღეს არ მთავრდება, ხვალ ორი ამდენი ხალხი იქნება აქ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს პირველ რიგში“,- მიმართა შეკრებულებს აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს შსს-მ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა. მოტივად უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.

„ჩვენი პროტესტის ადგილი არის ნამოხვანი და ვაპროტესტებთ ნამოხვანში. ანუ ის, რომ პროტესტის ადგილი გვაქვს ნამოხვანში ე.ი. იქ გვაქვს ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური და ფუნდამენტალური უფლება. სადაც ჩავთვლით საჭიროდ, იქ გამოვხატავთ მშვიდობიან პროტესტს. შსს-მ რიონის ადიდება დაასახელა მიზეზად ჩვენი კარვების აღების. რომ ვუთხარით, რომ სხვა ადგილიც არსებობს ნამოხვანში, სადაც შეგვიძლია გავშალოთ – არა, არ შეიძლებაო. ე.ი. გამოდის, რომ არ ყოფილა მიზეზი რიონის ადიდება… ყოფილა სხვა მიზეზი“,- აცხადებს აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.