„ამაღამ ვრჩებით გუმათთან კარვებში" - რიონის ხეობის აქტივისტი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მირზა ნოზაძე „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებს, რომ აქტივისტები, ჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ამ ღამით გუმათთან რჩებიან. ისინი ღამეს გუმათჰესთან კარვებში გაათევენ.

რაც შეეხება პოლიციის მოთხოვნას, რომ მათ გაეთავისუფლებინათ საავტომობილო გზა, ნოზაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის გზა მათ მიერ გადაკეტილი რჩება. პოლიციას კი დაანონსებული ულტიმატუმი ამ ეტაპზე არ განუხორციელებია.

„ჩვენ ისევ გუმათში ვართ, კარვებთან. გზა ისევ გადაკეტილია, ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება იგივე – მოგვეცეს უფლება, გადავადგილდეთ ნამოხვანში. თუ იმ ლოკაციაზე, სადაც კარვები დაგვიშალეს, ვერ მოხერხდება უსაფრთხოდ კარვების მოწყობა (მიუხედავად იმისა, რომ ამაში ვერ გვარწმუნებენ) გვაქვს ალტერნატიული ლოკაცია, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ უსაფრთხოდ შეიძლება კარვების გაშლა. თუ ისიც დაწუნებული იქნება სამართალდამცავების მიერ, მათ თავად უნდა მოგვცენ სხვა ლოკაცია, რომ ჩვენი პროტესტი გაგრძელდეს ნამოხვანში. ამ პროტესტს ნამოხვანში აქვს აზრი და ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

საბედნიეროდ, მათ [პოლიციას] მოეცათ გონიერება და დღეს უკანონოდ ჩვენი დაშლა გადაიფიქრეს, თუმცა ყოველ წამს და ყოველ დღე ველოდებით მათგან, რომ ისინი აუცილებლად შექმნიან მომენტს, რომ დაგვშალონ”, – განაცხადა ნოზაძემ.


შსს-მ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა. მოტივად უწყებაში განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.