ომბუდსმენი შსს-ს: აქციის მონაწილეებს ნამოხვანში ალტერნატიულ ადგილზე შეკრების შესაძლებლობა მიეცით

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღდეგე აქციის მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ნამოხვანში ალტერნატიულ ადგილზე შეკრების. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს.

„ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

► დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს,

► საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ;

► სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას”, – წერს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.


„რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილნი და მოითხოვენ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეთ, რადგან იქ ალტერნატიულ ადგილას პროტესტი განაგრძონ.

დღეს შსს-მ ნამოხვანში „რიონის ხეობის მცველების“ კარვები დაშალა. უწყებაში მოტივად განმარტეს, რომ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კარვები გაეტანათ.