ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს. პიკეტირებები და გზების გადაკეტვა შეჩერდება - ნოზაძე

პუბლიკა

„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით მათი პროტესტი მშვიდობიან ფორმატში გაგრძელდება, შეჩერდება მათ მიერ დაანონსებული პიკეტირებები და გზის გადაკეტვა. დღის გეგმების შესახებ „პუბლიკას“ აქტივისტი მირზა ნოზაძე ესაუბრა.

ქუთაისში გუშინ ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, როგორც ეს ხდებოდა 171 დღის განმავლობაში. მათ განვუმარტეთ, რომ მიუხედავად ამ პოზიტიური ნაბიჯებისა, ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით მათ, რომ ჩვენ ეს გულს არ მოგვილბობს. ჩვენ არა ვართ გაბრაზებული ან ემოციური, ან მართული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ტკივილი, ამ კონკრეტულ ტკივილს მანამ არ გადავჭრით ლოგიკურად, რაციონალურად და მიუკერძოებლად, რა თქმა უნდა, ვერ დაგვიგდებენ პროტესტის მუხტს, ვერ გადაიტანენ ჩვენს ვექტორებს სხვა მიმართულებით. შესაბამისად, გრძელდება პროტესტი მშვიდობიან ფორმატში, უბრალოდ რაც აღარ გაკეთდება ჩვენი დღის წესრიგიდან, (როგორც იცით ჩვენი დღის წესრიგი დგება ყოველდღიურად, დამოკიდებულია იმაზე,იმ დღეს როგორი განწყობებია). ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს,  რომ პიკეტირებები და გზების გადაკეტვა შეჩერდება. იცით, რომ ეს იგეგმებოდა. საყოველთაო დაუმორჩილებლობები, რა თქმა უნდა, შეჩერდება. იმიტომ, რომ ეს იგეგმებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხმა მიგვეწვდინა ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ ვართ სერიოზული ძალა და ნუ გველაპარაკებიან დისკრედიტაციის, მარგინალიზაციის და სირაქლემას პოზიციიდან.

რადგან მათ ეს აღიარეს (გუშინდელი ნაბიჯებიდან ყოველ შემთხვევაში), ჩვენ შევიკავებთ თავს პიკეტირებებისგან და გზების გადაკეტვისგან, თუმცა სხვადასხვა ქალაქში აქციები უკვე დაანონსებული იყო და ეს არ შეჩერდება. ადამიანები გამოდიან, მაგალითად, ზესტაფონში, რუსთავში, კახეთის და დასავლეთის სხვადასხვა ქალაქში ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციას და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ხმა არ დაიხშობა“, – ამბობს მირზა ნოზაძე.