ნებისმიერი პროექტი, თუ ის სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგება, არ შესრულდება - ბარნაბიშვილი ნამოხვანჰესზე

პუბლიკა

ქუთაისში ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტივისტებმა მათთან არაერთი საკითხი დააყენეს, რაზეც პასუხები უნდა მიიღოს შესაბამისი სპეციალისტებიგან. ამიტომ მათ სჭირდებათ დრო, თუმცა ის დაპირდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მათთან დაბრუნდება ამ პასუხებით და დიალოგი გაგრძელდება.

რაც შეეხება ნამოხვანჰესის მშნებლობას, ბარნაბიშვილის თქმით, შეხვედრაზე ჰიპოთეტურად დაისვა კითხვა მის არაშენებაზე. რაზეც მთავრობის პოზიციაა, რომ ზოგადად თუ რომელიმე პროექტი სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგება, ის არ შედგება.

„საკითხი იდგა შემდეგნაირად და მე დავაფიქსირე ჩვენი მთავრობის პოზიცია. ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენელობა თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების ინტერესებს, არ იქნება შესრულებული. თუმცა, მათი მხრიდან ეს იყო ჰიპოთეტური შეკითხვა და მიიღეს ასეთივე პასუხი“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.


ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა გუშინ ქუთაისში გადაინაცვლეს და წუხანდელი ღამე იქ გაათიეს. დღეს დილიდან კი აქციამ ისევ გუმათჰესთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციას რკინის ღობით აქვს ნამოხვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი.

საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე დეპუტატები, სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოჩა ენუქიძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

რიონის ხეობის მცველებმა ქუთაისში ჩასვლის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, გოლეთიანის თქმით, მხოლოდ იმ პირობით რომ შეხვედრა იქნებოდა საჯარო და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი არ შედგებოდა, თუკი საჯაროობისთვის, როგორც მინიმუმ, შეხვედრის ვიდეოჩანაწერი არ გაკეთდებოდა, რაზეც მთავრობის წარმომადგენლები დათანხმდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე კი გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღეს საუბარი ვერ შედგებოდა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე და მოლაპარაკება უფრო მეტად დიალოგის ფორმას შეეხებოდა.

„რაც შეეხება დღევანდელ საუბარს, დღევანდელი საუბარი არ იქნება შინაარსობრივი. იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე.

უბრალოდ, საპატრიარქოს მოწოდებაც იყო ის, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგისთვის. ამიტომ ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით, თუ გაგრძელდება დიალოგი, რა ფორმატში და როგორ გაგრძელდეს ეს დიალოგი“, – თქვა შეხვედრის დაწყებამდე გოლეთიანმა.