ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) განცხადებას ავრცელებს და საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურს მოუწოდებს, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს და რეგულარულად შეამოწმოს მიტანის სერვისის კომპანიები.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში HRW წერს, რომ ქვეყანაში Covid-პანდემიამ გამოიწვია მიწოდების სერვისის მაღალი მოთხოვნა და „ქუჩები შეივსო მოპედებით, რომლებიც Glovo-სა და Bolt Food-ის ბრენდირებული ჩანთებით გადაადგილდებიან.“
როგორც Human Rights Watch წერს, განსაკუთრებით მაღალი უმუშევრობის პერიოდში ამ სფეროს დამსაქმებლები მაცდური შეთავაზებებს სთავაზობენ კურიერებს – მოქნილი საათები და უამრავი სამუშაო.
„იანვრის შემდეგ, თბილისში Glovo-სა და Bolt Food-ში მომუშავე კურიერების მონაწილეობით ორი გაფიცვა გაიმართა. 100-ზე მეტმა მშრომელმა გამორთო აპლიკაცია ანაზღაურების პოლიტიკაში ცვლილებზე საპასუხოდ. ცვლილებები ანაზღაურების შემცირებასა და საბონუსე სისტემის შეცვლას ითვალისწინებდა, რომელიც კურიერების თქმით, არარეალურია“,-აღნიშნავს HRW.
Human Rights Watch-ი წერს, რომ მათ არაერთ ქვეყანაში აქვთ დადასტურებული, თუ როგორ არ უხდიან მსგავს აპლიკაციებზე დაფუძნებული კომპანიები მშრომელებს საარსებო მინიმუმს და ორგანიზაციის თქმითვე, ეს ტენდენცია შესაძლოა საქართველოშიც ძლიერდებოდეს.
HRW აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურმა ეს საკითხი მას შემდეგ წამოწია წინ, რაც გასულ წელს Glovo-ს ერთ-ერთი კურიერი ავტოავარიაში მოჰყვა. HRW-ის თქმით, ინსპექციის სამსახურმა კომპანია შეამოწმა და დააჯარიმა. თუმცა, ორგანიზაციაამბობს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, Glovo ამ დასკვნებს სასამართლოში ასაჩივრებს.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მათთვის გაგზავნილ წერილში Bolt Food-მა უარყო კავშირი თავიანთი ბონუსების სისტემის არსებულ მოდელსა და უსაფრთხოების რისკების ზრდას შორის. HRW-ის თქმით, Glovo-ს მათთვის ჯერ არ უპასუხია.
„არასტაბილური და სახიფათო სამუშაო პირობები საქართველოში სერიოზული პრობლემაა. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში [სახელმწიფოს მხრიდან] გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები — შრომის ინსპექციის აღდგენა და 2020 წლის შრომის რეფორმა. რადგან აპლიკაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა კიდევ უფრო იზრდება, შრომის ინსპექციამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ამ კომპანიების სისტემურ და რეგულარულ შემოწმებას“,-წერია განცხადებაში.