„პროტესტი გრძელდება“ | Bolt Food-ის კურიერებმა მორიგი აქცია გამართეს

პუბლიკა

დღეს, 23 მარტს მიტანის მომსახურების კომპანია Bolt Food-ის კურიერებმა სპორტის სასახლესთან მორიგი აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად მუშაობა ერთი კვირის წინ შეაჩერეს.

Bolt Food-ის მოქმედი კურიერი, ზაქარია მეტრეველი „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათ კომპანიის ქართველ და უცხოელ ხელმძღვანელობასთან გააგზავნეს წერილი, სადაც მოითხოვეს როგორც კურიერების მომსახურების ტარიფების ზრდა, ასევე, კურიერთა ზოგადი პირობების გაუმჯობესება:

„მთავარი მოთხოვნები იგივე რჩება – ეს არის დაბალი ტარიფები, საბონუსე სისტემის შეცვლა და კიდევ ერთი უმთავრესი მოთხოვნა რაც გვაქვს, ობიექტამდე მისვლის მანძილის ანაზღაურება და შეკვეთების გარეშე გაცდენილი დროის ანაზღაურება, იმიტომ, რომ დილიდან ღამემდე ვმუშაობთ, შეკვეთებს არ გვაძლევენ და გაცდენილი დროის კომპენსირება არ ხდება. შესაბამისად, ტყუილ-უბრალოდ გვიწევს მუშაობა“, – აღნიშნავს მეტრეველი.

იმ შემთხვევაში, თუ კურიერთა მოთხოვნებზე პასუხს კომპანიისგან გონივრულ ვადაში  ვერ მიიღებენ, ზაქარია მეტრეველი ამბობს, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ ექნება და პროტესტი არ გაჩერდება:

„კომპანიასთან ვიყავით მისული. წერილი გავაგზავნეთ, როგორც ქართულ წარმომადგენლობასთან ასევე ესტონეთში [Bolt-ის მთავარ ფილიალთან]. მაგრამ პასუხი არ მოგვსვლია და გვეუბნებიან, რომ გონივრულ ვადაში მოგვივა პასუხი და ეს არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება. ახსნა-განმარტებებს კომპანიაში არავინ აკეთებს. ეს არის ყველაზე ცუდი ფაქტი, რის წინაშეც ვდგავართ. ვერ ვიღებთ პასუხებს ვერავისგან და პასუხისმგებელ პირს ვერ ვპოულობთ. მოლოდინში ვართ, რომ ამ აქციას რაღაც რეაქცია მოჰყვება და თუ არ მოჰყვება, შემდეგ დავგეგმავთ სხვა ნაბიჯებს და ვიმოქმედებთ ისე, რომ მთავარ წარმომადგენლებს მივაწვდინოთ ხმა“, – ამბობს მეტრეველი.

Bolt Food-ის კიდევ ერთი კურიერი, ირაკლი ქორიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, პროტესტი ტარიფის კლებას მოჰყვა, რაც კურიერების შემოსავლის რადიკალურად შემცირებაზე აისახა.

„ჩვენი შემოსავალი რადიკალურად შემცირდა და აქედან დაიწყო  პროტესტი. ამ ტარიფთან ერთად არის მრავალი სხვა პრობლემა. მაგალითად, კურიერების უაზრო დაბლოკვები – როდესაც მიზეზსაც არ ხსნიან და ისე უწყვეტენ კონტრაქტს დასაქმებულს. ჩვენ გვქვია პარტნიორები და არა დასაქმებულები. პარტნიორებს შორის რაღაც ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივად შეთანხმებული და ამას ვითხოვთ ზუსტად ჩვენ – დაუბრუნდეს [ტარიფი] ძველ ნიშნულს და შემდგომში, როდესაც მოხდება ტარიფის ასე დაკლება, არ მოხდეს ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებით, არამედ მოხდეს – შეთანხმებით“, – ამბობს ქორიძე.

სპორტის სასახლესთან აქციაზე Bolt Food-ის კურიერების სოლიდარობის გამოსახატად მიტანის სერვისების სხვა კომპანიების კურიერებიც იყვნენ მისული. მიშა მამალაძე, რომელიც კომპანია Glovo-ს კურიერია, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ Bolt Food-ის კურიერების მოთხოვნა ლოგიკურია და კომპანიამ მათი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

როგორც Bolt Food-ის კიდევ ერთი კურიერი გიორგი ბერკაციშვილი აცხადებს, კომპანიის უმოქმედობის შემთხვევაში კურიერების პროტესტი გაგრძელდება და „უფრო მასშტაბური გახდება“.

„პუბლიკა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ცდილობს Bolt Food-ს დაუკავშირდეს. კომპანიის პასუხს გავრცელების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

  • bolt-06
  • bolt-food-01
  • bolt-food-02
  • bolt-food-03
  • bolt-food-04
  • bolt-food-05
  • bolt-food-07
  • bolt-food-08
  • 01 /