მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა დღეს, 20 აპრილს განაცხადა, რომ ხვალ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს დაუკავშირდებიან, რომლებსაც 15 აპრილს შეხვდნენ და კონკრეტულ პასუხებს მოითხოვენ. მისივე თქმით, თუკი კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებენ, სამოქმედო გეგმაზე გადავლენ.
„აქ ვუცდიდით იმ პირობების ვადის გასვლას, რომელი პირობებიც უნდა შეესრულებინა ხელისუფლებას (მუნიციპალიტეტში დაყენებულ პირობებს ვგულისხმობ), ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ – დღეს არის მეხუთე დღე, ეს ვადა პრაქტიკულად დღეს ამოიწურა, ამიტომ ხვალ ჩვენ თვითონვე ხაზზე ვართ იმ წარმომადგენლობასთან, რომლებსაც შევხვდით მერიაში. ამიტომ დავუკავშირდებით მათ, მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტულ ნაბიჯებს“, – განაცხადა გოლეთიანმა.
გოლეთიანის თქმით, ხელისუფლების წარმომადეგნელთა საკონტაქტო ინფრომაციას ფლობენ და მათ ხვალ თავად მოძრაობის წევრები დაუკავშირდებიან.
„შევეხმიანებით და ვეტყვით, რომ თუ ისინი უკვე არ გაგვცემენ კონკრეტულ პასუხს, გადავალთ ჩვენს სამოქმედო გეგმაზე, რაც გულისხმობს მთლიანად პიკეტირებას სხვადსხვა ქალაქებისა და მაგისტრალების, შემდეგ უკვე ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას დედაქალაქში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის პირობები, რომლებიც ახლა გვაქვს დაყენებული და უახლოესი დღეების განმავლობაში უნდა შესრულებულიყო, წესით თუ ადეკვატურობა ყოფნის ხელისუფლებას და აქვს ფაქტების საღად აღქმის უნარი, ვფიქრობ, რომ მათ ეს პირობები უნდა დააკმაყოფილონ, რომ შემდეგ დიალოგის შესაძლებლობა გაჩნდეს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის“, – განაცზადა გოლეთიანმა.