- (ლევან ვასაძე – ძველი ახალი სახელი ქართულ პოლიტიკაში)
ლევან ვასაძეს ალბათ იმდენივე აქვს საერთო მრგვალი მაგიდის ლეგენდარულ რაინდებთან, რამდენიც ქართულ ხელისუფლებას მეფე არტურის ან თუნდაც ზვიად გამსახურდიას მრგვალ მაგიდასთან. მაგრამ გარდა იმისა, რომ ბაგრატიონების სამეფო ოჯახმა მას რაინდის წოდება ოფიციალურად მიანიჭა, თვითონაც რაღაც ეგეთი პოზა უჭირავს, შუასაუკუნეობრივ-რაინდული, თავისი ჩოხებით და ლექსების დეკლამაციით. თუმცა, მისი შემოსვლა პოლიტიკაში მე პირადად მაინც უფრო შიდასახელისუფლო მანევრი და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სამზარეულოს ინტრიგა მგონია.
ჯვარი და კომბალი
ლევან ვასაძის პოლიტიკური შეხედულებები და ღირებულებები არავისთვის წარმოადგენს დიდ საიდუმლოს. ის არის ღია პრორუსი, რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის თანამოაზრე. ამ იდეოლოგიის მიხედვით ევროპა, ამერიკა და სრულიად დასავლეთი გმინავს ლიბერალების უსასტიკესი დიქტატურის ქვეშ, განიცდის მორალურ დეგრადაციას და ამის ერთადერთი ალტერნატივა მსოფლიოში იდეურად არის ნაციონალიზმი და სახელმწიფოებრივად – რუსეთი. ცხადია, დუგინი არაა ისეთი მარტივი ტიპი, რომ ეს ყველაფერი ასე პრიმიტიულად იქადაგოს, მაგრამ მისი მოძღვრების მოკლე შინაარსი სწორედ ესაა და მეტი არაფერი.
ლევან ვასაძე პირველი არაა, ვინც ცდილობს ანტიდასავლურ ტალღაზე და ტრადიციული ღირებულებების დაცვის ეგიდით აკრიფოს პოპულარობა საქართველოში. ამ გზას უკვე ადგას „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული მარში“, „ქართული იდეა“ და ა .შ., უფრო წვრილ-წვრილი და ნაკლებად ცნობილი პარტიები და ორგანიზაციები, მაგრამ ჯერჯერობით დიდად წარმატებული არავინ ყოფილა. საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში მსგავსი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები გაცილებით მეტ პროცენტს იღებენ არჩევნებში, ვიდრე მათი ქართველი თანამოაზრეები.
ერთი შეხედვით, ეს ცოტა უცნაურია, რადგან პოსტსაბჭოთა საქართველოში (სადაც უფროს თაობაში ნოსტალგია ძველ ტკბილ დროზე ისედაც არსებობს) ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საპატრიარქოა, ხოლო სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დუგინის იდეებს ქადაგებს ამბიონებიდან. მაგრამ აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ანტიდასავლელი ამომრჩეველი ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. სხვათა შორის, ესეც საინტერესო ფენომენია: „ქართული ოცნების“ ელექტორატი მხოლოდ პრორუსი კონტიგენტი არაა. თუმცა რამდენადაც ეს კონტიგენტი დასავლეთის გამრყვნელი ზეგავლენის მთავარ აგენტად მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს, ხოლო „ნაცმოძრაობის“ რევანშის ერთადერთ ქმედით ბარიერად ბიძინა ივანიშვილი ესახებათ, ხმასაც მას აძლევენ.
ერთადერთი, რაც ვასაძეს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს სხვა პროფაშისტურ ჯგუფებთან შედარებით, არის მისი სიახლოვე ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან. პატრიარქის თანამოსაყდრე შიოც მისი დიდი ხნის ახლო მეგობარია. მეორე მხრივ, ანტიდასავლური ელექტორატი საქართველოში ძირითადად საშუალოზე დაბალი ფენაა, ვისთვისაც მილიონერი ვასაძე თავისი სოციალური წარმომავლობით, უძვირესი ჩოხებით, „სვეცკი ტუსოვკებითა” და ჯვრის ფორმის კომბლებით სრულიად უცხო ტიპაჟია, გაცილებით უცხო, ვიდრე, ვთქვათ, ირმა ინაშვილი, რომელსაც სიმბოლურად ასევე ცალ ხელში ჯვარი უჭირავს და მეორეში კომბალი. ჯვარი, როგორც ეროვნული იდენტობის და განსაკუთრებულობის ნიშანი, ხოლო კომბალი როგორც სააკაშვილ-ბოკერიას ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო.
სავარაუდო მოტივაციები
მოკლედ, ვასაძე ვინაა, გასაგებია. გაცილებით საინტერესო შეკითხვაა – რატომ? რა არის მისი პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზი? არის ეს დამოუკიდებელი ნაბიჯი, რუსეთის დავალების შესრულება თუ ივანიშვილის ახალი სატელიტის გამოყვანა ორბიტაზე?
სადღაც ისეთ მოსაზრებასაც წავაწყდი, რომ ვასაძე რუსეთის პროექტია, რომელიც ივანიშვილის ხელშეწყობით ხორციელდება, მაგრამ ეს ცოტა ულოგიკო ამბავია. თუ ბიძინა რუსეთის კაცია და რუსულ პოლიტიკას ახორციელებს, რატომ უნდა დაევალოს მას თავისივე კონკურენტის გამოყვანა? ვასაძეს ხომ ოპოზიციური ხმები პრაქტიკულად არ მიაქვს და ძირითადად „ოცნების“ თანაზიარია, მით უმეტეს, რომ სულ მალე თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი თუ ვერ დააგროვა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწევს, რაც მის სერიოზულ მარცხად იქნება აღქმული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?
აქედან გამომდინარე, ვასაძის “ორმაგი აგენტობა”, ანუ დაშვება, რომ ის ასრულებს რუსეთის დაკვეთას, რომელიც ივანიშვილის მეშვეობით ან მასთან შეთანხმებით ხორციელდება, შეგვიძლია იმთავითვე გამოვრიცხოთ. ასე პოლიტიკური გავლენის აგენტებთან არავინ მუშაობს. არავინ ეტყვის თავის სატელიტს – მიდი, ახლა ხელი შეუწყვე შენი შემცვლელის კარიერასო. თუ შეცვლა უნდათ, ეს სხვანაირად ხორციელდება.
წმინდა თეორიულადაც კი მიზეზი ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ სამი:
ა) დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება;
ბ) რუსეთის დაკვეთა (ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე);
გ) ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა.
ვარიანტი „ა” პრინციპში წმინდა თეორიული ვარიანტია. ლევან ვასაძე პოლიტიკურად ძალიან ფრთხილი პერსონაა. მისთვის არაერთხელ შეუთავაზებიათ პოლიტიკაში ჩართვა, მაგრამ მუდამ თავს იკავებდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მას ოდნავ კრიტიკული სიტყვაც არასდროს დასცდენია ხელისუფლების მიმართ, არცერთ აქციაში არ მიუღია თუნდაც ირიბი მონაწილეობა, 2010 წელსაც უარი თქვა შეთავაზებაზე, კენჭი ეყარა თბილისის მერის პოსტზე და არც მაშინ ამოუღია ხმა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. მანიაკებად და სისხლისმსმელებად „ნაცმოძრაობის“ მოხსენიება მან მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო და არც ბიძინა ივანიშვილისადმი დაუშურია დითირამბები. თუმცა, პოლიტიკას მუდამ ხაზგასმით ემიჯნებოდა.
ამიტომ იმის დაჯერება, თითქოს ლევან ვასაძე იმდენად აღშფოთდა შარლ მიშელის ვიზიტის გამო, რომ გადაწყვიტა უშუალოდ ჩართულიყო პოლიტიკაში, რათა ქვეყანა გარყვნილების მორევიდან ამოეთრია, თან ისე, რომ არც მოსკოვს დაეკითხა და არც ივანიშვილს, გულახდილად რომ ვთქვა, ჭირს. გაცილებით რეალისტურია „ბ” და „გ” ვარიანტები.
მოსკოვიდან სოლოლაკამდე
რუსეთის დაკვეთის ვერსია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკმაოდ რეალისტურია, ოღონდ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი.
თუ ვასაძის გააქტიურება რუსეთის მხრიდან ხდება, ეს ნიშნავს, რომ კრემლი ივანიშვილით უკმაყოფილოა და გადაწყვეტილი აქვს პრობლემები შეუქმნას მას. აბა თუ მოსკოვს ასე თუ ისე აწყობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რაში სჭირდება, „ცისფერი მთების” არ იყოს, ორი სათაური? თუ მაინცდამაინც, „ოცნების“ დახმარებას დაავალებდა და არა ცალკე პარტიის შექმნას, რაც ყველა ვარიანტში ხელისუფლებას დააკლებს ხმებს და არა ოპოზიციას.
ასევე, თუ ვასაძე კრემლის დაკვეთით უნდა გახდეს მთავარი პრორუსული ძალა საქართველოში და თავისკენ წაიყვანოს პრორუსი ელექტორატი, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ის უნდა დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, წარმოაჩინოს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დასავლეთის მორჩილ უნიათო ძალად, რათა გადმოიბიროს მისგან ანტიდასავლურად განწყობილი ამომრჩეველი. აბა მარტო „ნაცების“ გინებით ამ „ოცნებას“ ამომრჩეველს ვერ წაართმევს.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილიც არ იჯდება გულხელდაკრეფილი და აუცილებლად შეეცდება ვასაძის პოლიტიკურ განეიტრალებას. რა მეთოდები იქნება გამოყენებული ამისთვის, გამომდინარე ივანიშვილის მმართველობის სტილიდან, ძნელი მისახვედრი არ არის: ფარული ჩანაწერები, კომპრომატები, კორუფციაში ბრალდებები, სუსი, პროკურატურა და ა. შ. ამას დაემატება დარტყმები ლიბერალური და პროდასავლური ფლანგიდან და რუსეთის ახალი იმედი აღმოჩნდება ორმხრივ ცეცხლში. შეუძლებელია, ეს ლევან ვასაძემ არ იცოდეს და მისი სიფრთხილიდან გამომდინარე ძალიან საეჭვოა ასეთ რისკზე წასულიყო, თუნდაც კრემლის ბრძანებით.
ამიტომ მე რუსეთის დაკვეთის ვერსია დასაშვები, მაგრამ ნაკლებად სარწმუნო მგონია და გაცილებით უფრო რეალისტურად მეჩვენება ვარიანტი „გ”.
ვინც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს აკვირდება, ალბათ შეამჩნევდა, რომ მისთვის ფრიად დამახასიათებელია კონტროლქვეშ ჰყავდეს ყველანაირი ტიპის პოლიტიკური მიმდინარეობა. ის ცდილობს, ჰყავდეს საკუთარი პროდასავლელებიც და პრორუსებიც, დემოკრატებიც და ფაშისტებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, თან ისე, რომ მის მიერ კონტროლირებადი პრორუსული და პროფაშისტური ფლანგი მის საკუთარ პარტიაში არ დომინირებდეს, არამედ სხვა პარტიის სახით იყოს წარმოდგენილი. ბიზნესის ენით რომ ვთქვა, ბიძინა ცდილობს პოლიტიკურ ბაზარზე ყველა სეგმენტი მოიცვას და სადაც სრულ მონოპოლიას ვერ ამყარებს, წილი მაინც ჰქონდეს.
კარგა ხნის მანძილზე ასეთი კონტროლირებადი პროფაშისტულ-პრორუსული პარტიის ფუნქციას ასრულებდა „პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო მის პარალელურად იქმნებოდა „ქართული მარშის“ და „ქართული იდეის“ ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ბუნებრივია, ამ ფლანგის გააქტიურება თითქმის ყოველთვის „ემთხვეოდა” ხელისუფლების საჭიროებებს და, როგორც წესი, ოპოზიციისა და ანტისახელისუფლებო პროტესტის წინააღმდეგ იყო მიმართული. გამონაკლისებიც ხდებოდა, თუმცა ძალიან იშვიათად და ადგილობრივი პრორუს-პროფაშისტების თვითშემოქმედება სოლოლაკის უხილავი ხელის მიერ სწრაფად აღიკვეთებოდა ხოლმე.
ეს კი ასე იყო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ინგლისის იმპერიასავით აქვს მუდმივი ინტერესები, მაგრამ არ ჰყავს მუდმივი მეგობრები. ის ამა თუ იმ ადამიანურ რესურსს, ამა თუ იმ პარტიასა და ჯგუფს იყენებს, მანამ, სანამ, მისი აზრით, ეს უკანასკნელები ასრულებენ თავის ფუნქციას. როგორც კი ბიძინა ჩათვლის, რომ რომელიმე მათგანმა შესაძლებლობები ამოწურა, ის დაუნანებლად აგდებს მათ და იწყებს ახალი რესურსის ძიებას.
ვფიქრობ, ახლა დადგა სწორედ ის მომენტი, როდესაც ბიძინას თვალში „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული მარშის“ და სხვა არსებული პრორუსულ-პროფაშისტური ძალების რესურსი ამოიწურა. ეს პრინციპში ყველა დამკვირვებლისთვის აშკარაა და 2020-ის არჩევნებში ამ პოლიტიკური ფლანგის კატასტროფული შედეგიც ამის დასტური იყო. მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდეს.
მაგრამ რამდენადაც ბიძინას მმართველობა ასეთი მავრების გარეშე არ არსებობს, ასპარეზზე გამოდიან ახალი სახეები ჯერ უცნობის და მისი „აი იას” და ახლა ლევან ვასაძის „ერის” სახით. პრინციპში რა ახალი სახეები ესენი არიან, მაგრამ სულ უცნობებს ივანიშვილი არ ენდობა და ნაცნობებშიც სხვა არც არავინ დარჩა ასე თუ ისე ცნობადი.
ამიტომაც მგონია, რომ აქ, როგორც ძველი დარდუბალას სიმღერაშია – „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, უბრალოდ მიმდინარეობს როტაცია პროსახელისუფლო პრორუსულ-პროფაშისტურ ფლანგზე.
ბოლოთქმა
დასკვნის სახით კი ერთი რამ შეიძლება ითქვას: ახლო მომავალში ცხადად გამოჩნდება, ვის თამაშს თამაშობს ვასაძე. თუ ის სერიოზულად დაუპირისპირდება ხელისუფლებას პრორუსულ-ფსევდოპატრიოტული პოზიციებიდან, მაშინ რუსეთის დაკვეთის ვერსია გამოიკვეთება, ხოლო თუ ის შემოიფარგლება ოპოზიციისა და დასავლეთის კრიტიკით, და მხოლოდ ამ კონტექსტში ილაპარაკებს საქართველოს გაპიდარასტებასა და გაიეღოველებაზე, ქალი ქალს რომ არ ჰგავს, კაცი კაცს და ა.შ., მაშინ უკვე უეჭველი შეგვეძლება ვამტკიცოთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის კარის რაინდი არა, მაგრამ კარის საფრთხობელა ნამდვილად არის.