ხელფასის გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება | გაფიცვის კერები ქვეყანაში

პუბლიკა

„მოვითხოვთ ხელფასის გაზრდას და ღირსეულ სამუშაო პირობებს“ – ქვეყანაში  მუშების პროტესტი და გაფიცვა გრძელდება. 

მეორე დღეა, „წყალი მარგებელის ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ენგადის“ დისტრიბუტორები და მძღოლები გაფიცულები არიან. ისინი დილიდან თბილისში საწყობის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და პროტესტს განაგრძობენ.

გაფიცული მუშები ხელფასის მომატებას მოითხოვენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ასევე გაიფიცნენ კომპანიის ქუთაისის ოფისის დისტრიბუტორებიც.

აქციის მონაწილეები მზადყოფნას გამოთქვამენ, ესაუბრონ კომპანიას პროფკავშირებთან ერთად. დღეს აქციაზე პროფკავშირების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ადამიანებს არ აქვთ ნორმალური შრომითი კონტრაქტები; ელემენტარული არსებითი პირობები არ არის დაკმაყოფილებული – ბიულეტენები, შვებულებები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება. აბსოლუტურად მოშლილი შრომითი ურთიერთობაა. გარდა ამისა, ხელფასის მსყიდველუნარიანობა კი ვიცით, როგორია. მათი ოჯახების მდგომარეობა გაუსაძლისია. მათი მოთხოვნები სამართლიანი და ლოგიკურია“, – ამბობს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ვიტალი გიორგაძე, „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე.

გუშინ კომპანიამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, დაახლოებით 70 ადამიანი ხელფასისა და სამუშაო განრიგის გადახედვის მოთხოვნით გაიფიცა.

„ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული ანაზღაურება ჯამში 1000 ლარამდეა და არა 600 ლარი, როგორც გაფიცულები აცხადებენ. დამატებით, კომპანია მათ კერძო სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს და ასევე ფარავს მათ ხუთ საგზაო ჯარიმას“, – ამბობენ კომპანიაში.

დასაქმებულების პროტესტის გამო გაჩერებულია კომპანია „ბორჯომის“ ორი ქარხანა.„ბორჯომის“ ქარხნის მუშები 18 მაისს, დილიდან გაიფიცნენ. დასაქმებულების ინფორმაციით, ორი ქარხნიდან გაფიცულია დაახლოებით 350-მდე მუშა.

მეოთხე დღეა, გაფიცული მუშები პროტესტს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობენ.

პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს ბორჯომის N1 ქარხანასთან ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, რუსთავის აზოტის თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები  ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.

მე-18 დღეა, ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო  „გურია ექსპრესის“ თანამშრომლები არიან გაფიცულები. მუშებმა საპროტესტო აქცია დღესაც გამართეს.

გაფიცულები ხელფასის მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციიდან არავინ გამოხმაურებიათ.

ერთ-ერთი გაფიცული მუშა, უშანგი კეკელიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ამბობს, რომ ხელფასი 650 ლარი აქვთ, მაგრამ ხელზე 350 ლარს იღებენ. კიდევ ერთ-ერთი გაფიცული ამბობს, რომ აქციაზე ოჯახთან ერთადაა მოსული, რადგან გაუსაძლისია მათი მდგომარეობა.

„ჩვენი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უკავშირდება ხელფასს. ფიქსირებულ 800 ლარს ვითხოვთ და ამის გამო ვართ გაფიცულები. ამ 18 დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, დამსაქმებლისგან ვერ ვიღებთ კონკრეტულ პასუხს, – ამბობს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ლადო ურუშაძე.

გაფიცული მუშები ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.