ოზურგეთში ფქვილის საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ

პუბლიკა

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ. შპს „გურია ექსპრესის“ დასაქმებულები ხელფასის მატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

„სამი დღეა, გაფიცულები ვართ და არ გამოსულა დირექტორი, არ დაინტერესებულა, რომ შეგვხვედროდა და რაიმე ეთქვა. ხან ვის გამოუშვებს, ხან ვის. გვიწევს მძიმე ფიზიკური შრომა ტვირთებზე და ანაზღაურება შესაბამისი არ არის. დამპირდნენ, ხელფასი 400 ლარი გექნებაო და 250 ლარზე მეტს ვერ ვიღებ. თვითონ რომ აიღონ 250 ლარი, როგორ არჩენენ ოჯახს?!“, – ამბობს იოსებ ნოზაძე.

დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის შესაფერისი ჰიგიენური პირობები და კომპანიის ადმინისტრაციისგან მათ მოგვარებასაც მოითხოვენ.

კომპანიის წარმომადგენლის, აკაკი თოიძის განცხადებით, კომპანია ცდილობს მოთხოვნების შესრულებას, თუმცა, ხელფასს გაუზრდიან თუ არა დასაქმებულებს,  ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტიათ.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელფასის გარდა, ყველა დაყენებული პრეტენზია, რაც ჩემთვის ცნობილია, მოგვარებულია. დღესდღეობით გადაწყვეტილი არ არის, გადაწყვეტით ეთქვათ დასაქმებულებს, უახლოეს პერიოდში ხელფასი გაეზრდებათ თუ არა“, – ამბობს აკაკი თოიძე.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესის აღდგენას არ აპირებენ.