თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მიმართა და აქციის მოთხოვნების შესახებ ისაუბრა.
„ნამოხვანჰესთან დაკავშირებით ამოწურულია ყველანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან და ამის ამსახველი კადრებიც ნახეთ. რამდენი ვიწვალეთ ჩვენ იმისთვის, რომ მოსულიყო ეს ბრძოლა აქამდე და ვფიქრობთ, რომ დღეს დასრულდა შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი დიალოგები გაგვემართა. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო: კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან და რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის გადაცემას კერძო საკუთრებაში მთლიანად და ზოგადად გაუქმდეს ყველა ის გაცემული დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით“, – ამბობს გოლეთიანი.
მისივე თქმით, ასევე მოითხოვენ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას, რათა საზოგადოების აზრი იქნას გათავლისწინებული: „ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამაში უნდა იყოს ჩვენი ყველას ჩართულობა, იმიტომ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ეს გვეხება თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის საჭიროა სწორედ ეს პაუზა. გვჭირდება დრო იმისთვის, რომ ყველა იყოს ჩართული და გავითვალისწინოთ, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა და ზოგადად თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ მომავალში მსგავსი პროტესტები და შეწუხებული ადამიანები ამ პრობლემისგან, ვითხოვთ მორატორიუმს და ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა“, – აცხადებს გოლეთიანი.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.
„ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რომლებიც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში ქუთაისში და გვაბრალებენ ჩვენ, რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ. მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან. ამიტომ ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა. თუმცა დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამ ნაწილში აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არამარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით , არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.
გოლეთიანმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნების შესრულებისთვის ხელისუფლებას ვადა ხვალ, 12 საათამდზე ეძლევა.
გოლეთიანი ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ხელისუფლებასთან დიალოგს, თუკი დაკმაყოფილდება მათი ყველა მოთხოვნა.
„ჩვენი დიალოგი ხელისუფლებასთან არ უკავშირდება იმას, რომ გავარკვიოთ შესაძლებელია თუ არა კომპანია „ენკას“ ხეობაში დატოვება. დღეს ჩვენ დიალოგს განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გამოცხადდება მორატორიუმი, ავიღებთ პაუზას პროცესში და მთელი საზოგადოება ჩაერთვება განხილვის პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკა, საით მივდივართ როგორ ვვითარდებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ აქ არის დიალოგი შესაძლებელი მათთან“,- აცხადებს გოლეთიანი.