„ხვალ 12 საათამდე ხელისუფლებას დრო ეძლევა, წამზომი ჩაირთო“ - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას ხვალ, 12 საათამდე მისცა დრო მოთხოვნების შესასრულებლად.

„ხვალ 12 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო. ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა –  შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა. ჩვენი მოქმედება განსაზღვრულია და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე ერთობით, თითოეული ჩვენგანი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, მოქალაქეები უნდა დარჩნენ ადგილზე, სანამ „არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და სანამ ხელისუფლება ადეკვატური არ გახდება სახალხო პროტესტის მიმართ და სანამ არ ჩაგვთვლის ერთადერთ და უალტერნატივო ძალად ამ ქვეყანაში.

გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალიდან დედაქალაქის პარალიზება დაიწყება და „ვერავინ ვერსად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს“.

გოლეთიანი ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან ხელისუფლებასთან დიალოგს, თუკი დაკმაყოფილდება მათი ყველა მოთხოვნა.

„ჩვენი დიალოგი ხელისუფლებასთან არ უკავშირდება იმას, რომ გავარკვიოთ შესაძლებელია თუ არა კომპანია „ენკას“ ხეობაში დატოვება. დღეს ჩვენ დიალოგს განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გამოცხადდება მორატორიუმი, ავიღებთ პაუზას პროცესში და მთელი საზოგადოება ჩაერთვება განხილვის პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკა, საით მივდივართ როგორ ვვითარდებით გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ აქ არის დიალოგი შესაძლებელი მათთან“,- აცხადებს გოლეთიანი.