დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით - გოლეთიანი

პუბლიკა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთელ მიმართა სიტყვით პროტესტის მხარდამჭერებს და აქციაზე შეკრებილ ხალხს.

„ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ ჩვენ არ ვიღლებით ამ ბრძოლაში და რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს ამ ბრძოლის მიყვანას, აუცილებლად მივიყვანთ, ისევე სუფთად როგორც მივყვებით დღევანდელ დღემდე.

ვერ მოახერხებს ვერავინ ამ ბრძოლის, ამ არგუმენტირებული და სამართლიანი პროტესტის დიკრედიტაციას, რაც არ უნდა ფეისბუქპოსტები დაასპონსოროს სოციალურ მედიაში და ზოგადად, სატელევიზიო-სარედაქციო პოლიტიკებმა ეცადონ, გააშავონ და გაამარგინალონ ჩვენი მოძრაობა და ჩვენი ბრძოლა.

ამიტომ ამ ნაწილში პასუხისმგებელნი ვართ თითოეული ჩვენგანი და დაზღვევა იმისა, რომ არ გადაგვძლიოს მეორე მხარემ, ამას სჭირდება ჩვენი სიმრავლე. დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით. აქ ვიღაცებით მეგობრებო, ხვალ 12-მდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან რომ სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ. წინააღმდეგ ბრძოლა იზრდება და ვითარდება, ერთობა კიდევ უფრო იკრებს ძალებს“,  – მიმართა პროტესტის მხარდამჭერებს ვარლამ გოლეთიანმა.


ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

    1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
    2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
    3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
    4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
    5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დადგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები;