აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი მორიგი გზავნილი ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონეცკის „აღიარებას“ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს 2008 წელს რაც უნდა ექნა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარება“ მაინც მოხდებოდა.

„სინამდვილეში, პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე. დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა.

რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აკონტროლებდა. ამით მან ოფიციალურად მოკლა მინსკის შეთანხმება და აღიარა ოკუპანტის სტატუსი.

აბა სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას ან პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა. ისევ აწვებით პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინა? და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, „აღიარება“ მაინც მოხდებოდა. ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ.

აბა სად ხართ ის ხალხი, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, – წერს სააკაშვილი.


21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიაროს. ამასთან ერთად, მისი თქმით, გაფორმდება რუსეთსა და ახალ რესპუბლიკებს შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, უკრაინას კი მოუწოდა, შეწყვიტოს „სისხლისღვრა“ დონბასში. ამის შესახებ მან რუსი ხალხისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა. მოგვიანებით, პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, უზრუნველყონ მშვიდობა დონეცკსა და ლუჰანსკში.

წუხელვე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სიტუაცია ჯერჯერობით ისევ კონტროლს ექვემდებარება და უკრინაში არაა იმისი მიზეზი, რომ ხალხმა ქაოსურად დაიწყოს მოქმედება. ზელენსკის თქმით, თუკი უსაფრთხოების რისკი გაიზრდება, ამის შესახებ მოსახლეობას აცნობებენ.

ზელენსკი ნორმანდიის ოთხეულის საგანგებო სამიტს მოითხოვს. მისი თქმით, უკრაინამ ასევე დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევისა და ეუთოს ფარგლებში საგანგებო შეხვედრის საკითხები. ზელენსკის ასევე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიების აღიარება ავტომატურად ნიშნავს, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებებიდან გავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად შეაფასეს ევროსტრუქტურებმა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა, რომელბმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თეთრი სახლის განცხადებით კი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებისთვის სანქციების დაწესებას იწყებენ.