ევროკომისიამ „ევროპის ეკონომიკური პროგნოზის“ შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა – 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები კი იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება, „რასაც ხელი შეუწყო ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და სწრაფად მზარდმა სამომხმარებლო სესხებმა”.
ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში „მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნესის სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით”.
„საქართველო აგრძელებს სარგებლის მიღებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გარკვეული მომსახურებებისა და სავაჭრო მარშრუტების რუსეთისგან გადამისამართების შედეგად, რაც ნაწილობრივ ასახავს რუსეთის ფედერაციიდან შიდა მიგრაციის მნიშვნელოვან მასშტაბს.
მოსალოდნელია, რომ 2025 და 2026 წლებში ზრდა შენელდება, თუმცა დარჩება მყარ მაჩვენებელზე– 5-6%-ის ფარგლებში. მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად კვლავ კერძო მოხმარება დარჩება, რომელსაც მხარს დაუჭერს ძლიერი სამომხმარებლო სესხები და რეალური ხელფასების ზრდა, თუმცა შედარებით უფრო ნელი ტემპით”, – წერია ანგარიშში.
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდაც, რაც განპირობებული იქნება ბიზნესსესხების დინამიკითა და ძლიერი საჯარო ინვესტიციებით, თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ნდობის დონე მკვეთრად დაეცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე.
„სუფთა ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, სავარაუდოდ, კვლავ უარყოფითი იქნება, თუმცა ნაკლებად, ვიდრე 2024 წელს, რადგან ძლიერი მოხმარებითა და ინვესტიციებით გამოწვეულ საქონლის იმპორტზე მოთხოვნა, როგორც მოსალოდნელია, გადააჭარბებს ტურიზმისა და სხვა მომსახურებების ექსპორტის ზრდით მიღებულ დადებით წვლილს.
ამ პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, დასაქმების მაჩვენებელი – გაიზარდა, თუმცა კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე — 47.1%–ზე დარჩა.
„წინასწარი მონაცემები მიუთითებს ხელფასების ძალიან ძლიერ ზრდაზე, 2024 წელს რეალურ პირობებში 15%-ით, რაც რამდენიმე ფაქტორს ასახავს: რუსეთიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტების ხელფასების გავრცელებას, განსაკუთრებით IT სექტორში, ქართული კომპანიების მზაობას, რომ მოახდინონ მზარდი საყოფაცხოვრებო ხარჯების კომპენსაცია, განსაკუთრებით კი მთავარ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის ქირის ფასების, ზოგიერთ საწარმოო სექტორში მუშახელის დეფიციტისა და 2024 წელს ინფლაციის სწრაფი შემცირების. ხელფასების ზრდა, მოსალოდნელია, რომ შენელდება მომდევნო წლებში, თუმცა პროდუქტიულობის ზრდაზე მაღალი მაჩვენებლით შენარჩუნდება“, – წერია ანგარიშში.
ევროკომისიის ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.