აბაშიძის თქმით, თანამდებობის დატოვების თხოვნით ღარიბაშვილს რამდენიმე თვის წინ თავად მიმართა

პუბლიკა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ თანამდებობის დატოვება თავისი ინიციატივა იყო და წინადადებით ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე თვის წინ მიმართა.

„მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერ-მინისტრს, მივმართე თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობაზე. ლოგიკა მარტივი იყო, 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან დადებითად მიიღო ჩემი მოსაზრება, წინადადება და ნუ ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა – ვინ იქნება შემცვლელი? იმ თავითვე დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ის უნდა დაბრუნებულიყო.

გიორგის ამ წლის იანვარში დაუსრულდა იქ მუშაობის ვადა და ახლა ის ინიშნება ამ თანამდებობაზე. მას ვიცნობ წლების განმავლობაში, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, უშიშროების საბჭოში, დიდი გამოცდილება აქვს. კარგად იცნობს ამ თემას, სერიოზული, კვალიფიციური ადამიანია და ვფიქრობ, კარგად წარუძღვება ამ საქმეს“, – განაცხადა მან.


პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლად გიორგი ქაჯაია დანიშნა. ამ პოსტზე მან ჩაანაცვლა ზურაბ აბაშიძე, რომელიც პრემიერის მრჩეველი იქნება.

როგორც რუსული მედია გასულ კვირას წერდა, რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების განყოფილების ახალ ხელმძღვანელად 9 მარტს მამუკა მერკვილაძე დაინიშნა და მან გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა.