აბასთუმნის გენგეგმა საგანგებო მდგომარეობის დროს დაამტკიცეს

ქრისტინე მუჯირი

აბასთუმანს ახალი განაშენიანების გენერალური გეგმა აქვს და ის წინა სამშაბათს, 7 აპრილს დამტკიცდა – ამის შესახებ „პუბლიკას“ ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ განუცხადა.

შეკითხვაზე, თუ რატომ დამტკიცდა აბასთუმნის გენერალური გეგმა მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ქვეყანას რთულ რეჟიმში უწევს ცხოვრება, ზაქარია ენდელაძე პასუხობს, რომ გენგეგმის დამტკიცება კავშირში არაა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან და ეს იყო პროცედურული საკითხი.

არის თუ არა ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ და თუ მოეწყო საჯარო განხილვები კანონის შესაბამისად – შეკითხვაზე ენდელაძე პასუხობს, რომ  დაბა აბასთუმნის გენერალურ გეგმის შესახებ საჯარო განხილვები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

„აბსოლუტურად კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ყველა დაინტერესებული მხარე იყო მონაწილე ამ პროცესების“, – განაცხადა მერმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სიმონ პარუნიშვილი აცხადებს, რომ მათ [ოპოზიციას] ეს დოკუმენტი არ უნახავს და, შესაბამისად, არც მხარი დაუჭერია.

„ჩვენ არ გვინახავს ეს დოკუმენტი და, შესაბამისად, მხარიც არ დაგვიჭერია“, – ამბობს ის. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არარელევანტური იყო და ეს მოხდა მიზანმიმართულად, რათა გაეტარებინათ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.

აბასთუმნის გენერალური გეგმა შპს „გეოგრაფიკმა“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოამზადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გენგეგმის მომზადებაზე მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2018 წელს აბასთუმანში დაისვენა და ინტერესი გამოხატა აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

თბილისის განვითარების ფონდის მიერ „პუბლიკისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციით, ისტორიული სახლებისა და ობსერვატორიის რეაბილიტაციის პროექტები დაბა აბასთუმანში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19 და მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას, რომლის
სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 000 000 ლარზე მეტს. მათივე ინფორმაციით, სახლების ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა, ნაწილი კი 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

ასევე, დასრულდა ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური
ობსერვატორიის რეაბილიტაცია და პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია  1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენაც.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, აბასთუმანში დაანგრიეს ტუბსაადმყოფო და გადაიტანეს დაბა აბასთუმნიდან.

„ძალიან კარგი იქნება, თუ გვექნება რეგიონი, რომელშიც მხოლოდ ელექტრომანქანები იმოძრავებენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2018 წელს, აბასთუმანში დასვენების შემდეგ.

შემოვლითი გზა

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის განცხადებების შემდეგ აბასთუმანი-ბაღდათის 60 კმ–იანი გზის მშენებლობა შეჩერდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პროექტის შეჩერების მიზეზი იყო ის, რომ სატრანსპორტო გზამ კურორტზე აღარ უნდა გაიაროს.

ამის შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ საჭირო იყო აბასთმანში შემოვლითი გზის მშენებლობა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან კრიტიკა მოჰყვა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე გზის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბუნების დამცველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაუშვებელია ტყე-პარკის ტერიტორიაზე ნებრისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 97 000 000 მილიონი ლარია.