რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, დღეს პრესკონფერენცია გამართეს მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურა აბაზოვმა და მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა. ადვოკატ მოსიაშვილის თქმით, აბაზოვი სახელფასო განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს და შელახული რეპუტაციის აღსადგენად „ყველა საშუალებას გამოიყენებს“.
მარნეულის ყოფილი მერი ამბობს, რომ ერთის გარდა, 130-მდე გამოკითხული მოწმიდან არავინ ამბობს, რომ მან რაიმე დანაშაული ჩაიდინა. როგორც აბაზოვი ამბობს, ნახევარი წელი პატიმრობაში არაფრის გამო გაატარა. მისივე თქმით, პირი რომელიც კადრებში ჩანდა, დასაქმებაზე უარის გამო იყო განაწყენებული და დადგმულ კადრებში ამიტომ მიიღო მონაწილეობა.
„თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი. მე ლუდი წავისვიო. მანქანის უკან რამდენიმე ჭიქა იდო. ერთი ჭიქა ავიღე და ვთქვი, რომ ეს ლუდია და წავისვი ეს ყველაფერიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეები ადასტურებენ, ის იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. შესაძლებელია, რომ მეორე დღეს დაეგდო. წავიდა სახლში, დაიძინა… სახეზე არ აღმოჩენილა [შარდი], ხმის ნიმუში აიღეს – არ ყოფილა. არავინ არ ადასტურებს ჩემს იქ ყოფნას, ზეწოლას… რანაირად შეიძლება, თემურ აბაზოვი იქ ყოფილიყო? სახეზე არც ერთი შარდის ნიმუში არ გამოვიდა, ტანსაცმელზე არ გამოვიდა, ჩემი ანაბეჭდი არ ყოფილა. როგორ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს? მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მივესალმები“, – აცხადებს თემურ აბაზოვი.
გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმემ ახსენა, რომ რაიონში საუბრობენ, კადრებში რეალურად ლუდი ჩანს და არა შარდი, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ყოფილა სასამართლოზე მისთვის მთავარი საკითხი.
მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.
„სტუდია მონიტორის“ მიერ 2018 წელს მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის რაიონის მცხოვრებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ეს ფაქტი აქციის სხვა მონაწილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ამ ვიდეოდან რამდენიმე დღეში კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც იმავე პიროვნებამ „ოცნების“ მისამართით გაჟღერებული გინება უკან წაიღო და ბოდიში მოიხადა.
„სტუდია მონიტორი“ სიუჟეტში ამბობს, რომ წყარომ მათ მიაწოდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ასახულია, რომ ზემოთხსენებული პიროვნება, ზეწოლის შედეგად, სახეზე შარდს ისვამს.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ადამიანზე ზეწოლას „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა მიმართეს.