ექსპერტიზამ ჭიქაზე შარდის შემცველობა დაადგინა - საია აბაზოვის საქმეზე

პუბლიკა

საია ეხმაურება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებას, რომლითაც ღირსების შემლახავ მოპყრობაში მხილებული მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი გამართლდა.

საიას შეფასებით, პროცესის მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე, თემურ აბაზოვს პროკურატურამ დაუსაბუთებლად  და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება. ამასთან, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც წაახალისა დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე გაამართლა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ 3 პირი, რომელთაც ბრალად  დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა ედებოდათ.

დაზარალებულის ინტერესებს გამოძიების დაწყების მეორე დღიდან საია იცავს. შესაბამისად, საიას ადვოკატს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები,  ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ჭიქაზე ბიოლოგიური მასალის – შარდის შემცველობა დადგინდა), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გავრცელებული ვიდეო-მასალა და სხვა), ადასტურებდა, თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობას და იძლეოდა  გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

„საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ თეიმურაზ აბაზოვს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოუხსნა, თუმცა აღნიშნულ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. პროკურატურის განმარტებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ის 1443-ე მუხლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და დამატებით სხვა მუხლით ბრალის წარდგენის აუცილებლობა არ იყო. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დასაბუთება არ არის შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, აბაზოვისთვის წარდგენილი ბრალის, კერძოდ 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალის მოხსნა. თუმცა, საიას მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო 1443-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა“, – აცხადებს საია.