შსს-ის განცხადებით, სვანეთში პოლიციამ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის საქმეზე გამოძიება დაიწყო და 6 სხვადასხვა ადგილას 148 კრიპტომაინერი ამოიღო.
უწყების განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ამ მოწყობილობებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“.
„ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის (ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს შსს.
კრიპტომაინერი არის სპეციალიზებული კომპიუტერული სისტემა, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად და ბლოკჩეინ ქსელის მუშაობის უზრუნველსაყოფად. მაინერი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს.
სვანეთში ელექტროენერგია მოსახლეობას მრავალი წლის განმავლობაში მიეწოდებოდა უფასოდ. მოსახლეობა გამრიცხველიანებული არ ყოფილა.
უფასო ელექტროენერგიამ კრიპტომაინინგი წაახალისა. მაინინგის გამო ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, რომელსაც ქსელი ვერ უძლებს, წლების განმავლობაში გამოწვევად რჩება.
მაგალითად, 2024 წლის 10 თვეში მესტიის მუნიციპალიტეტმა 98 მილიონ კვტ.სთ.-ზე მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12 მუნიციპალიტეტის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდებოდა. 2025 წელს სვანეთში მოიხმარეს 132 952 736 კვტ.სთ ელექტროენერგია.
გადატვირთულობის გამო პერიოდულად სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.
1 ივნისს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ იწყებენ „კრიპტომაინინგთან ბრძოლას“ და რომ „უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება“.
„როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგისა და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში: ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა მაშინ, როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს.
შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო დამატებით ლარ-ნახევარს იხდის“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანი ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრაა. მდინარაძემ დასძინა, რომ სვანეთში ელექტროენერგია კვლავ უფასო იქნება კონკრეტული რაოდენობის ფარგლებში, „ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი“.