საია ეხმაურება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 12 თებერვალს მიღებულ განაჩენს, რომლითაც ღირსების შემლახავ მოპყრობაში მხილებული მარნეულის ყოფილი მერი, თეიმურაზ აბაზოვი გამართლდა. საიას შეფასებით, პროცესის ბოლო ეტაპზე თეიმურაზ აბაზოვს პროკურატურამ დაუსაბუთებლად და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება. ამასთან, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რითაც წაახალისა დამამცირებელი მოპყრობის საშიში პრაქტიკა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ასევე გაამართლა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ 3 პირი, რომელთაც დაზარალებულის ფიზიკური შეურაცხყოფა ედებოდათ ბრალად.
„დაზარალებულის ინტერესებს გამოძიების დაწყების მეორე დღიდან საია იცავს. შესაბამისად, საიას ადვოკატს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (ჭიქაზე ბიოლოგიური მასალის – შარდის შემცველობა დადგინდა), ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გავრცელებული ვიდეომასალა და სხვა), ადასტურებდა თეიმურაზ აბაზოვის ბრალეულობას და იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას“, – აცხადებენ საია-ში.
საიას-ს ცნობით, საყურადღებოა, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურამ თეიმურაზ აბაზოვს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოუხსნა, თუმცა აღნიშნულ მუხლში თეიმურაზ აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო.
„პროკურატურის განმარტებით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ის 1443-ე მუხლის ერთ-ერთი კომპონენტი იყო და დამატებით სხვა მუხლით ბრალის წარდგენის აუცილებლობა არ ყოფილა. გარდა იმისა, რომ აღნიშნული დასაბუთება არ არის შესაბამისობაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკასთან, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე, აბაზოვისთვის წარდგენილი ბრალის (კერძოდ, 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) მოხსნა. თუმცა მიგვაჩნია, რომ პროკურატურის მიერ ბრალდების შემცირების მიუხედავად, მოსამართლეს შეეძლო, 1443-ე მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა“, – აცხადებენ საია-ში.