პროკურატურა აბაზოვზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პუბლიკა

პროკურატურა მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ „პუბლიკას“ აღნიშნულ უწყებაში განუცხადეს.

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის მიმართაც, –  ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რაც „პუბლიკას“ ბრალდებულის ადვოკატმაც დაუდასტურა.

აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ გირაოს თანხა დაუბრუნდება.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევისა და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.


„სტუდია მონიტორის“ მიერ 2018 წელს მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მარნეულის რაიონის მცხოვრებმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა. ეს ფაქტი აქციის სხვა მონაწილემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ამ ვიდეოდან რამდენიმე დღეში კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც იგივე პიროვნებამ „ოცნების“ მისამართით გაჟღერებული გინება უკან წაიღო და ბოდიში მოიხადა.

„სტუდია მონიტორი“ სიუჟეტში ამბობს, რომ წყარომ მათ მიაწოდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ასახულია, რომ ზემოთხსენებული პიროვნება, ზეწოლის შედეგად, სახეზე შარდს ისვამს.

როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანზე ზეწოლა ქართული ოცნების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.