ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ თევდორე აბრამოვის პროცესზე დღეს პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელი გიორგი თევდორაშვილი დაიკითხა.
პოლიციელმა აღნიშნა, რომ თავად ამოიღო ბრალდებულისგან ნივთიერება. აბრამოვი ნარკოტიკის ფლობას უარყოფს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
პოლიციელთან შეკითხვები მათ შორის შეეხებოდა საკითხს – თუ რატომ ვერ უზრუნველყო პირადი ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა, რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ნეიტრალური მტკიცებულებებით განემტკიცებინა – მაგალითად, გადაეღო ვიდეო, ან მოეწვია ჩხრეკაზე დასასწრებად ნეიტრალური პირი.
პოლიციელმა აღნიშნა, რომ ორ კოლეგასთან ერთად ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ამ საგამოძიებო მოქმედების ვიდეოგადაღება ვერ მოახერხეს, ვინაიდან მათი თქმით, აბრამოვი წინააღმდეგობას უწევდათ.
ამავე პოლიციელის თქმით, წინააღმდეგობის გამო ასევე არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოეძიებინა ნეიტრალური პირი და შეეთავაზებინა ჩხრეკაზე დასწრება. მისივე თქმით, იმ მომენტში ადგილზე არც გამვლელები არ ყოფილან.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, აბრამოვი წინააღმდეგობას უწევდათ, ერთ-ერთი გამომძიებელს ჰქონდა იმის დრო, რომ ადგილზევე, პარალელურად შეედგინა პირადი ჩხრეკის ოქმი.
ადვოკატ ინგა ჯაბანიშვილის შეკითხვები ასევე შეეხებოდა აბრამოვის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს:
„თუ გახსოვთ, რომ თევდორე აბრამოვი გააშიშვლეთ და აკეთებინეთ ბუქნები, ისე, რომ არანაირი ოქმი არ შედგენილა ამაზე? ამას ასევე ესწრებოდა თქვენი არაერთი თანამშრომელი; ამას თუ შეესწარით?” – ჰკითხა ადვოკატმა გიორგი თევდორაშვილს. პოლიციელმა შეკითხვის პასუხად აღნიშნა – „არა“.
„შეესწარით თუ არა, რომ დასცინოდნენ ტატუზე, საყურეზე და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ აქციებთან კავშირის გამო“, – ეკითხება მას კვლავ ადვოკატი.
„მე მასთან ერთად ვიყავი და რაიმე შეურაცხყოფას არც მე ვაყენებდი და არც ჩემი თანამშრომელი“, – განაცხადა პოლიციელმა.
ადვოკატის კითხვაზე, შეიქმნა თუ არა რაიმე ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს სიტუაციას აბრამოვის სამმართველოში შეყვანიდან იზოლატორში გაყვანამდე. მოწმემ მიუგო, რომ არ არსებობს ასეთი ჩანაწერი.
აბრამოვმა მას დამატებით ჰკითხა – „არა თქვენ და წოწკოლაურმა, არამედ ვიღაც სხვა ორმა პირმა გამიკეთა ხელკავი და გადამათრიეთ ახლო მდებარე „ბესედკაში”. იყო თუ არა ასე?”. მოწმემ აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავება.
აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატების თქმით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ოდენობები სამართლიანად გაწერილი არაა – კერძოდ, 1 გრამზე მეტი ოდენობით მისი აღმოჩენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.