„აბსურდი და ტყუილია, რომ ვინმეს ვართმევთ გასაჩივრების უფლებას“ - მათიკაშვილი

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

კანონპროექტის წარმდგენის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით გასაჩივრების შესაძლებლობა საარჩევნო დავებს არ ზღუდავს.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ საკითხს ამგვარად წარმოაჩენენ, ტყუილს ავრცელებენ.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების გასაჩივრების ძირითადი შესაძლებლობა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დონეზე არსებობს და ამ უფლებას კანონპროექტი არ ცვლის.

მათიკაშვილი ამბობს, რომ საუბნო ოქმის გასაჩივრებისა და სასამართლოს მიერ დავის განხილვის შემდეგ, როცა შედეგი საბოლოოდ დადგენილია, მისი ხელახლა გასაჩივრება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის წინააღმდეგ დავის ფარგლებში აღარ უნდა ხდებოდეს. ცესკოს ოქმი კი მხოლოდ უკვე დადგენილი შედეგების შეჯამებაა და მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება, თუ რომელიმე უბნის შედეგი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო ოქმში გამოტოვებულია ან არასწორადაა ასახული.

„შეეცადნენ, როგორც იყო მოსალოდნელი, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ თუ პოლიტიკური ძალები, რაღაც აეგორებინათ სრულიად ტყუილი, ტყუილი ნარატივი, რომ ვიღაცას ჩვენ ვართმევთ გასაჩივრების უფლებას.

ის გასაჩივრების უფლება, საჩივრის რეალიზების უფლება, რაც თავდაპირველად დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის, ნარჩუნდება თავიდან ბოლომდე და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ შედეგების შეჯამება ხდება 15 დღეში, მაგრამ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არამედ საოლქო კომისიის მიერ განხორციელებული შემაჯამებელი ოქმის მეშვეობით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კანონპროექტით, არჩევნების შედეგების ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის თანახმად, ოქმის გასაჩივრება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასში არ არის ასახული ან არასწორად არის ასახული საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები ან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.

ამავე კანონპროექტით, არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო არაუგვიანეს მე-15 დღისა შეაჯამებს. შედეგების შეჯამებისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემები და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ.

ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით.

„ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას. ამასთან, ზოგიერთი დარღვევის სისტემური ხასიათი და მასშტაბი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის მონაცემებისა და საარჩევნო პროცესის ერთობლივი ანალიზით გამოიკვეთოს.

შესაბამისად, მხოლოდ ცალკეულ უბნებზე დავის შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს. შემოთავაზებული ცვლილება უხეშად ზღუდავს და ასუსტებს საარჩევნო უფლების ეფექტიანი დაცვის გარანტიებს“, – ნათქვამია შეფასებაში.