აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. პირიქით, ახლა კონსოლიდაციის დროა - ქადაგიშვილი

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, „შინ ევროპისკენ” აქციის მოთხოვნები არაკონსტიტუციურია და ის გათვალისწინებული არ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა კონსილიდაციის დროა.

„რაც აქციაზე იქნა გაჟღერებული, არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რა სულისკვეთებაც დღეს უკვე ევროსაბჭოს [ევროპული საბჭოს] გადაწყვეტილებით არის საქართველოს მიმართებაში. გამომდინარე აქედან არანაირი, ასე ვთქვათ, აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება. პირიქით, ახლა არის უფრო მეტად კონსოლიდაციის დრო და განსაკუთრების უფრო მეტი ლიდერობის დრო, განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან, რათა ყველა ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რაც ევროსაბჭოსა [ევროპული საბჭოს] და ევროკომისიის მხრიდან იქნა გაცემული, დროულად იქნას შესრულებული”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.