აჭარაში გამოვლენილი შემთხვევა, სავარაუდოდ, სატვირთოს მძღოლს უკავშირდება - ნონა ეფაძე

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, აჭარაში გამოვლენილი ახალი შემთხვევა, სავარაუდოდ, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მძღოლთან კონტაქტს უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევიდან ერთი არის აჭარაში.

„ეს გახლავთ აჭარაში მცხოვრები პირი, 51 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მძღოლთან.

ის ამჟამად მოთავსებულია covid-კლინიკაში. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი, 17 ადამიანი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. აღებულია მათი ნიმუშები  ლაბორატორიული კვლევისთვის და შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ეფაძის თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევა შიდა გადაცემას მიეკუთვნება, მაგრამ სწრაფად იყო გამოვლენილი და გავრცელების ნაკლები რისკია.

„ვთვლით, რომ ყველა, როგორც ახლო, ისე რაიმე რისკის შემცველი კონტაქტიც კი, გადაყვანილია კარანტინში. რაც შეეხება ინფიცირებულს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მსუბუქი“, – თქვა ეფაძემ.

აჭარაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 16 ადამიანი მკურნალობს. მათგან ეფაძის თქმით 4 საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მძღოლია.