აჭარაში მოქმედი ორგანიზაციები მუქარის ზარებსა და წარწერებზე პროკურატურისგან რეაგირებას მოითხოვენ

პუბლიკა

აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაში ჩართული პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარები ხორციელდება. oრგანიზაციები პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებენ:

„ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარები ხორციელდება როგორც უცხო სახელმწიფოში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებიდან.

ზარის განმახორციელებლები იყენებენ სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას, ადრესატებს ემუქრებიან ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობით, მიმართავენ შემდეგი სიტყვებით: „აგაორთქლებთ“, „გაგაქრობთ“…

აქტივისტებთან, მათი ოჯახის ორსულ და არასრულწლოვან წევრებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან განხორციელებული ზარების სისტემურობა, დავიწროებულ ადრესატთა წრე და სიხშირე აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

ზარების გარდა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლის კედლებზე შეურაცხმყოფელი და ირიბი მუქარის შემცველი წარწერები და უცენზურო ნახატები გაკეთდა, რაც მოქალაქეებს უჩენთ საფრთხის და დაუცველობის განცდას.

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ Facebook-პოსტში პრაქტიკულად აღიარა, რომ ბათუმში განხორციელებული უკანონო ქმედებები მმართველი გუნდის ორგანიზებულია. მანვე გააზიარა ამის ვიდეომტკიცებულება, ჩანს, როგორ ტოვებენ წარწერებს ოფისებთან და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, აქტივისტების საცხოვრებელ სახლებთან წარწერებს, ჩანაწერებში ისმის მუქარა, შეურაცმხყოფელი ლექსიკა – ეს „ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკების ხელწერა, უკანონობის დამკვეთი კი მმართველი პარტიაა.

მიგვაჩნია, რომ განხორციელებული სატელეფონო ზარები და საცხოვრებელ სახლებთან გაკეთებული ვანდალიზმისა და მუქარის შინაარსის მქონე წარწერები ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის კვალიფიკაციის საფუძველს, კერძოდ, აშკარაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა; ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის გამო ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ასევე, აშკარაა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტები.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს/აჭარის პროკურატურას:

► სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც შესაძლებელია არაერთი მტკიცებულებით დადასტურდეს;

► უმოკლეს ვადებში მიანიჭოს პირებს დაზარალებულის სტატუსი;

► საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
  • მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი;
  • დემოკრატიის ინსტიტუტი;
  • ჩვენი თაობა;
  • საორსა;
  • შშმ ქალთა ალიანსი;
  • ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი;
  • სოლიდარობის თემი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი;
  • მწვანე სექტორი;
  • ფლორა და ფაუნა;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის;
  • ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
  • აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის.