აჭარაში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აჭარაში მათ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა. კორონავირუსზე ტესტი „ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ“ ზონასა და სარფის საბაჟოზე მომუშავე ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა.

„ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს (ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშების პასუხები COVID-19-ზე დადებითია).

აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, განხორციელდა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 45 შემთხვევიდან 21 აჭარის რეგიონიდანაა.