„ეს შეზღუდვები (რაც დაწესდა აჭარის რეგიონში) არის ის ბაზისური ზომები, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს მობილობა გარკვეულწილად შევამციროთ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს შეზღუდვები არ არის მძიმე შეზღუდვები. ამ მხრივ მობილობის შეზღუდვა დაახლოებით 15-20%-ით არის მოსალოდნელი, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სხვა ზომებთან ერთად უნდა მოგვცეს სტაბილიზაციის ეფექტი. სწორედ ეს არის ამისი მიზანი“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, როცა მობილობის შეზღუდვაზეა საუბარი, პირველ რიგში, იზღუდება ის აქტივობები, რომლებიც უკავშირდება არა მოსახლეობის ბაზისურ საჭიროებებს, არამედ უკავშირდება უფრო მეტად გართობასთან ან სოციალურ თავყრილობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
„ყველაზე უმტკივნეულოა იმ ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული დღის მანძილზე საკვებთან ხელმისაწვდომობასთან, წამალთან ხელმისაწვდომობასთან, სამსახურში გადაადგილებასთან. ამდენად, ეს შეზღუდვები, რომლებიც დღეს დაწესდა, მეტად მიმართულია იმ არააუცილებელი სოციალური აქტივობების შეზღუდვისკენ, რაც თავისთავად არის ყველაზე მეტად მკვებავი ამ ეპიდემიის გავრცელების, რადგან სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ხდება წესების დარღვევა ყველაზე მეტად – პირბადის არ გამოყენება, ფიზიკური დისტანცირების დარღვევა და ა.შ.“,- აღნიშნა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ტიპის მობილობის შეზღუდვა ის მექანიზმია, რომელიც დღეს შეიძლება მინიმალური დისკომფორტის საფუძველზე გადაიტანოს მოსახლეობამ და სამაგიეროდ, ბათუმი ეპიდემიის სტაბილიზაციას მიიღებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში რესტორნები 22 საათიდან დაიხურება და ასევე მუშაობას სრულად შეწყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გამოაცხადა.