„ზეგიდან იქნება საუბარი აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე“ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ხვალიდან იგეგემება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა, ზეგიდან იქნება საუბარი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე“. ის ამბობს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე დამატებითი დეტალი მოგვიანებით გაცხადდება.

„ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, დიდი ხანი არ დაგვჭირდება ამ შეზღუდვების გამოყენება, ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეპიდემია პრაქტიკულად მიდის სტაბილიზაციისკენ და კარგია ის, რომ ლოკალურ ხასიათს ინარჩუნებს და შანსი სტაბილიზაციისა არსებობს, ამდენად ეს დამხმარე ზომა მობილობის შეზღუდვისთვის გადამწყვეტი იქნება ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ტაქსის, მისი თქმით, იქ უფრო მარტივია კონტროლი და ნაკლებად რისკიანია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც ბევრ ადამიანს პირადი დაცვის საშუალებები სწორად არ აქვთ გამოყენებული.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აჭარაში რესტორნები 22 საათიდან დაიხურება და ასევე მუშაობას სრულად შეწყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა გამოაცხადა.