აჭარის ჯანდაცვის სისტემამ ძალიან მაღალ დატვირთვას გაუძლო - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალ რაოდენობას სისტემამ გაუძლო, რაც ეპიდემიოლოგებს იმის თქმის საფუძველს აძლევთ, რომ ჯანდაცვის სისტემა მაღალ დატვირთვას მთელი ქვეყნის მასშტაბითაც გაუძლებს. თუმცა, როგორც ტელეკმპანია „ფორმულას“ ეთერში იმნაძემ თქმით, შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც და ვირუსის გავრცელების არიდებას უნდა ვეცადოთ.

„თითქმის 600 შემთხვევიდან აჭარაშია 500-მდე, ანუ ერთ რეგიონშია კონცენტრირებული ეპიდემია. აჭარა კი ამ სიტუაციას მართავს. ყველა ვხედავთ, რომ აჭარაში არ არის შემთხვევა, რომ მძიმე ავადვმყოფი საავადმყოფოში არ მოხვდეს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა აჭარაში.

უმრავლესობა Covid-სასტუმროებშია, ნაწილი არის სახლებში, მაგრამ ვისაც სჭირდება მაღალკვალიფიციური დახმარება, ისინი ხვდებიან საავადმყოფოში. ანუ აჭარაში სისტემამ გაუძლო ძალიან მაღალ დატვირთვას. ეს გვაძლევს იმის პროგნოზის საშუალებას, რომ დანარჩენ საქართველოშიც… არ გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ასეთივე სიტუაცია იყოს, როგორც აჭარაში, ამიტომ ვიხვეწებით, რომ დავიცვათ ნიღბისა და დისტანციის წესი, მაგრამ თუ სისტემის გამოცდაზე მიდგება საქმე, სისტემა გაუძლებს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რაც მეტი ადამიანი გახდება ავად, მით მეტი შეეწირება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში.

6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 9245-ს მიაღწია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 4358 აქტიური შემთხვევაა და მათ შორის კრიტიკულად მძიმე 55 პაციენტია.