აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ადმინისტრაციის სახელით განცხადება გააკეთა. განცხადებას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

”აჭარის მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განცხადება გავაკეთოთ, კერძოდ მხედველობაში გვაქვს ის, რომ ბოლო დღეებში ხშირია კანონმდებლობის დარღვევა და ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში.

ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ დღეს ის პირები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, რომლებსაც თითქოს აინტერესებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს.

აქციაში მონაწილე ორივე პირი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, აქვთ პოლიტიკური განაცხადები, შეწირულობები პარტიისათვის და რაც მთავარია ეს პირები ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას მაუწყებელზე.

გვინდა ჩვენი თანამშრომლების სახელით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, ამ პროცესებში უკანონოდ ჩართულ პირებს, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ნუ გამოიყენებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ნუ განახორციელებენ ზეწოლას ჩვენს თანამშრომლებზე.

მოშიმშილე პირი, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა პერიოდებში. ალექსანდრე მილორავამ “ევროპულ საქართველოს” 2017 წლის არჩევნებზე თანხა შესწირა.

როცა ჩვენს თანამშრომლებს “ჩამოსულებს” ეძახდნენ, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისშია რეგისტრირებული.

ასეთ კომენტარებს პოლიტიკური მომავლის პირები არ უნდა აკეთებდნენ. ეს პირები განმარტავდნენ, რომ ისინი იყვნენ ნეიტრალურები. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენ მიმართ, ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე” – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

დღეს აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება, სადაც აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე მილორავა უკვე ერთი კვირაა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს და მაუწყებლის ბორდისგან დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და მაუწყებელში გათავისუფლებული ჟურნალისტების აღდგენას მოითხოვს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ბორდის ერთ-ერთი წევრი გია ქარცივაძე ითხოვს.  მან უკვე მიმართა საბჭოს, წერილით მოიწვიონ მრჩეველთა საბჭოს სხდომა დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების დღის წესრიგით. გია ქარცივაძის მოთხოვნას როგორც ცნობილია შეუერთდა საბჭოს მეორე წევრი თამარ წილოსანიც. საბჭო ვალდებულია 10 დღის ვადაში დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დღის წესრიგით ჩანიშნოს სხდომა.

მრჩეველთა საბჭოს 5 წევრისგან შედგება. მრეჩეველთა საბჭოს 3 წევრი „ქართული ოცნების“ კვოტით არის შერჩეული, ორი კი ოპოზიციის. „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული წევრები არიან გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა, თამილა დოლიძე და სოსო სტურუა. „ევროპული საქართველოს“ კვოტით არჩეულია თამარ წილოსანი და ენმ-ის კვოტით – გია ქარცივაძე.