დაიწყებს თუ არა აჭარის მაუწყებლის ბორდი გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის პროცედურას

პუბლიკა

დღეს აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართება, სადაც აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე მილორავა უკვე ერთი კვირაა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს და მაუწყებლის ბორდისგან დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას და მაუწყებელში გათავისუფლებული ჟურნალისტების აღდგენას მოითხოვს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ბორდის ერთ-ერთი წევრი გია ქარცივაძე ითხოვს.  მან უკვე მიმართა საბჭოს, წერილით მოიწვიონ მრჩეველთა საბჭოს სხდომა დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების დღის წესრიგით.

გია ქარცივაძის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭიროა, საბჭოს სხდომის დანიშვნამდე საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა მოითხოვოს ბორდისგან იმპიჩმენტის დაწყების მოთხოვნით სხდომის ჩანიშვნა, ამის შემდეგ კი ბორდი ვალდებულია 10 დღეში დანიშნოს სხდომა.

კითხვაზე – ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია საბჭოს სხვა წევრებთან? – გვიპასუხა, რომ კომუნიკაცია საბჭოს ორ წევრთან ჰქონდა  – თამილა დოლიძესთან და თამარ წილოსანთან. მისი თქმით, დოლიძის პოზიცია ცნობილია, ის თავს იკავებს, წილოსანი კი უახლოეს საათებში მიიღებს გადაწყვეტილებას.

„პუბლიკა“ თამარ წილოსანს დაუკავშირდა. მისი თქმით, ის იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის მომხრეა, თუმცა ამ საკითხზე ჯერ ისევ გადის კონსულტაციას არხის ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი შეიტანს განცხადებას  იმპიჩმენტის დაწყების დღის წესრიგით საბჭოს სხდომის დანიშვნით მოთხოვნაზე.

რაც შეეხება გია ქარცივაძის წერილის შინაარსს, გია ქარცივაძე ბორდისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების არაერთი საფუძველი არსებობს:

„მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების არაერთი საფუძველი არსებობს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი (არსებითია) შემდეგი: (1) მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დევნა; (2) მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულების სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა; (3) მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობა; (4) კოლექტიური დავის მიმდინარეობისას მედიაციის პროცესის შეწყვეტა“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც ქარცივაძემ საბჭოს 3 ივნისს გაუგზავნა .

მიმართვის წერილში, რომელიც 5-გვერდიანია, დეტალურად არის აღწერილი, რომელ ფაქტებს მიიჩნევს ქარცივაძე დირექტორის მხრიდან თანამშრომელთა დევნად. ასევე, საუბარია მოქმედი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პროგრამული პრიორიტეტებითა და ამჟამინდელი დირექტორის ჩართულობით დამტკიცებული ბიუჯეტით მაუწყებელმა აიღო ვალდებულება საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტის (ფილმების) გარე წარმოებით შეძენაზე, დირექტორი ჯიუტად არიდებს თავს აღნიშნული ვალდებულების შესრულებას (იხ. 2020 წლის 13 თებერვლის N02- 19/429 წერილი).

გარდა იმისა, რომ აღნიშნული ქმედებით დირექტორი განზრახ არღვევს პროგრამულ პრიორიტეტს, მაუწყებელს უკვე აქვს დადასტურებული მოცემულობა დამტკიცებული ბიუჯეტის შეუსრულებლობის“, – ვკითხულობთ წერილში.

მრჩეველთა საბჭოს 5 წევრისგან შედგება. მრეჩეველთა საბჭოს 3 წევრი „ქართული ოცნების“ კვოტით არის შერჩეული, ორი კი ოპოზიციის. „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული წევრები არიან გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარეა, თამილა დოლიძე და სოსო სტურუა. „ევროპული საქართველოს“ კვოტით არჩეულია თამარ წილოსანი და ენმ-ის კვოტით – გია ქარცივაძე.

მაუწყებელის დირექტორს, რომელიც 2019 წლის ნოემბერში აირჩა,  თანამშრომელთა დევნაში ადანაშაულებენ. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია წერს, რომ გიორგი კოხრეიძე მიზანმიმართულად ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოტივით ათავისუფლებს მაუწყებელიდან ადამიანებს, რომლებიც არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები იყვნენ. გიორგი კოხრეიძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შესაბამისი მასალების გაცნობის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მაუწყებლის გადაწყვეტილება იყო კანონიერი და გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული. დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მაუწყებლის შესახებ ყალბი ინფორმაციები ვრცელდება.

მოცემულ ქარდზე გიორგი კოხრეიძის მისვლის შემდეგ მაუწყებელში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზეა ინფორმაცია.

ბოლოს გიორგი კოხრეიძემ გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალეტრანტიული პროფესიული კავშირის წევრი მალხაზ რეხვიაშვილი ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლა. მაუწყებლის პოზიციით რეხვიაშვილი მაუწყებლის იმიჯს ლახავდა და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. რეხვიაშვილი არ იზიარებს მაუწყებლის ადმინისტრაციის აზრს მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსზე და გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.