დილიდან საპროტესტო აქცია განახლდა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან. დღეს იქ მთავრობის სხდომა იმართება. აქციის მონაწილეები საყვირებით მივიდნენ და კვლავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასთანაც, დაკავებულია 2 პირი.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
გუშინ, 30 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქციაზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა. დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამ შემთხვევაში ვითარების გამწვავება თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოთახის ფანჯრის მიმართულებით ბუშტების გაშვებამ გამოიწვია. პოლიციის ცნობით, აქციაზე დააკავეს 1 ადამიანი. ადგილობრივი მედია შეხლა-შემოხლის დროს დაშავებული რამდენიმე ადამიანის შესახებაც ავრცელებდა ინფორმაციას.