აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს საშტატო განრიგში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება განცხადებით ეხმაურება.

პროფკავშირი აცხადებს, რომ პროექტის თანახმად, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობები უქმდება, მათ შორის უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაც, რაც კონტრაქტის მიხედვით, სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

ამ პროცესის პარალელურად მიმდინარეობს დისციპლინარული წარმოება, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

„ამ ფაქტების ერთობლიობით, ლეგიტიმურად გვიჩნდება ეჭვი, რომ აჭარის მაუწყებლის დირექციას სურს შეცვალოს საინფორმაციო სამსახურის მმართველი რგოლი და შეცვალოს მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა“, – აცხადებს პროფკავშირი.

განცხადების მიხედვით, ხელმძღვანელობის პასუხი, რომ ცვლილება მხოლოდ სახელს ეხება და შინაარსობრივად საქმიანობაში არ ერევა, ტოვებს კიდევ უფრო მეტ კითხვას.

„მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, მოუგვარებელი რჩება მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის არსებითი ხასიათის პრობლემები, დაწყებული ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაო სივრცით და დამთავრებული ტექნიკური აპარატურის განახლების აუცილებლობით“

პროფესიული გაერთიანების განცხადებით, მაუწყებლობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები ძირითადად პროფკავშრის წევრებს ეხებათ „რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ჩვენი კრიტიკულმა პოზიციებმა და თვითორგანიზების მცდელობამ გაამძაფრა უკმაყოფილობის განცდა“.

„იმ შემთხვევაში თუ ჩვენი წევრების მისამართით გაგრძელდება მსგავსი ქმედებები ბუნებრივია ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და მივმართავთ პროკურატურას“.

პროფკავშირის წევრები აცხადებენ, რომ არ დათმობენ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არ შეეგუებიან მაუწყებლის რეგრესს, იბრძოლებენ საკუთარი უფლებებისა და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის.