აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი არ უნდა დარჩეს საერთაშორისო ყურადღების მიღმა - ქარტია

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია და მენეჯმენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები მიმართულია არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს პროცესები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მათ, დაინტერესდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოში მიმდინარე პროცესებით. ქარტია ასევე მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტს განმარტონ განხორციელებული ცვლილებების საჭიროებები და დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილებები.

„2019 წლის 04 მარტს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მანამდე სამსახურის უფროსის ადგილს იკავებდა შორენა ღლონტი, რომლის გათავისუფლებაც, ისევე როგორც მისი მოადგილის – მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უარყოფითად შეფასდა და აღინიშნა, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლას ემსახურებოდა.  საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ უარყოფითად შეფასდა ამავე პერიოდში დირექტორის მოადგილის – ნათია ზოიძის სამსახურიდან იძულებით წასვლა და ახალი მოადგილის დანიშვნაც“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, ისევე როგორც სხვა საკადრო ცვლილებები, არის გაუმჭირვალე. უცნობია, რომელი კრიტერიუმებით და რა გამოცდილების გამო შეირჩა გიორგი აბაზაძე ამ პოზიციაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შენაარსის გზავნილებით გამოირჩევა, რაც დაუშვებელია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ რიგშია ვალდებული დაიცვას ეთიკური სტანდარტი.