აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია - საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის არჩევის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. საია მოვუწოდებს აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა. ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა.

საია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის დირექტორის მხრიდან.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. არჩეულის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის არჩევასთან დაკავშირებით კი არაერთი კითხვა არსებობს.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.” – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile