აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქციები რეგიონებშიც გაიმართა

პუბლიკა

დღეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქციები რეგიონებში – ოზურგეთსა და ახალციხეშიც გაიმართა.

დღეს აქცია ასევე გაიმართა თბილისში, პარლამენტთან, გუშინ კი სოლიდარობა ჟურნალისტებს ბათუმსა და ქუთაისში გამართულ აქციებზე გამოუცხადეს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე საშტატო განრიგში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში  ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე დირექტორების მოადგილეებს ეხებათ. კერძოდ, თუკი მრჩეველთა საბჭო კოხრეიძის წინადადებას მოიწონებს, აჭარის ტელევიზიაში დირექტორების მოადგილის შტატი გაუქმდება.

14 თებერვალს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს – წერს, რომ ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე არასასურველ ადამიანებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

„ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის“,- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

 

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე