აჭარის ტელევიზიის საქმეებზე სასამართლოს მივმართეთ - EMC

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტისა და უფროსის ყოფილი მოადგილის, მაია მერკვილაძის ინტერესების დაცვის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

  • მოსარჩელეები, რომლებიც წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდნენ და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ უფლებამოსილებებს, მათი გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასა და თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.

2020 წლის 24 თებერვლიდან, ახლად არჩეული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მოთხოვნის საფუძველზე, მაუწყებლის ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა, რომელმაც აღარ გაითვალისწინა სამსახურის უფროსის მოადგილეების თანამდებობები. ცვლილება 4 პირს შეეხო, თუმცა, EMC-ში ამბობენ, რომ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მაია მერკვილაძე ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ტოლფასი თანამდებობა არ შესთავაზეს და „რადიოს საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორის“ შტატგარეშე პოზიციაზე გადაიყვანეს.

„ეს ახალი პოზიცია დაქვეითებას და დაცვის გარანტიების გაუარესებას წარმოადგენს. მაია მერკვილაძე ამტკიცებს, რომ საშტატო განრიგის ცვლილება დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, რაც დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებაა და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. მაია მერკვილაძე სასამართლოში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი საშტატო განრიგის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში, 2020 წლის 28 თებერვალს, დისციპლინური წარმოების შედეგად დირექტორმა სამსახურიდან ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი გაათავისუფლა. შორენა ღლონტის მიმართ წარმოება ჯერ კიდევ 2019 წლის 28 თებერვალს დაიწყო, ეთერში გასული გადაცემის  – „ახალი სივრცის“ გამო, რომელიც შორენა ღლონტსა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა.

„შორენა ღლონტს მაუწყებლის გვერდის ავლით ფინანსური სარგებლის მიღებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა დისციპლინური წარმოება ისე წარიმართა, რომ სათანადო მტკიცებულებები არ იქნა შეგროვებული და შორენა ღლონტს არ მიეცა დასაბუთებული პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. შორენა ღლონტი ამტკიცებს, რომ ეს გადაცემა მაშინდელი ხელმძღვანელობის მითითებით/ინიციატივით და უშუალოდ მათთან შეთანხმებით მომზადდა, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა მაუწყებელს. მოსარჩელე ასევე ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული დისციპლინური დევნა პროცედურების აშკარა დარღვევებით წარიმართა და მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს, მათ შორის, პროპორციულობის პრინციპს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ როგორც მაია მერკვილაძის, ისე შორენა ღლონტის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობის უხეში დარღვევითაა მიღებული და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი პირების სამსახურებრივი უფლებამოსილებების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.

LB loan image desktop LB loan image mobile