აჭარის ტელევიზიის წინ აქციაზე გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა და გიორგი კოხრეიძის გადადგომა მოითხოვეს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიული პროფკავშირებისა“ და ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილის აქცია გაიმართა. ისინი ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

„ალტერნატიული პროფკავშირების“ თავმჯდომარემ, მალხაზ რეხვიაშვილმა პერმანენტული აქციები დააანონსა და მოთხოვნების შესახებ ისაუბრა:

„ჩვენი მოთხოვნა პირველი და უმთავრესი არის, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები უნდა დაბრუნდნენ მათ სამუშაო ადგილებზე და ეს მოთხოვნა დირექტორმა უნდა შეასრულოს რაც შეიძლება მალე. მანამდე, სანამ ის შეასრულებს მეორე მოთხოვნას და გადადგება დაკავებული თანამდებობიდან.

მოვუწოდებთ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს, ჩაერთოს პროცესში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილება იმისთვის, რომ მაუწყებელში მდგომარეობა დასტაბილურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პერმანენტული აქციების მოთხოვნა იქნება მათი დათხოვნაც.

ჩვენ დღეს ვრჩებით მაუწყებლის წინ და გავათენებთ აქ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი თანამშრომელი – „დილის ტალღის“ რედაქტრი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე აცხადებენ, რომ დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ აჭარის მაუწყებლის დირექტორთან დაკავშირებას ცდილობს, მის პოზიციას კომენტარის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.