„აჩვენებს ოპოზიციის მოუმწიფებლობას“ - პაპუაშვილი შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან პარლამენტის წევრებისთვის ყველა ინფორმაცია ისედაც ღიაა და ხელმისაწვდომი.

„ყველა ინფორმაცია, თუკი რამე საინტერესოა ვინმესთვის პარლამენტში, არის საჯარო. მეც მოგახსენეთ დღეს ბევრი ასეთი ინფორმაცია და ამ დღეებშიც ქვეყნდებოდა. რამე პრობლემა რომ ჰქონდეთ პარლამენტის წევრებს,  საჯარო წყაროებიდან მიიღონ ეს ინფორმაცია, დეპუტატის შეკითხვის საფუძველზე თუ ა.შ., არანაირი პრობლემა არ არის.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის მოუმწიფებლობას, ზოგადად. როგორც კი დაინახავენ რაღაც თემას, რომელზეც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ პოლიტიკური  კაპიტალის დაგროვება, ეგრევე აყენებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდეგ ავიწყდებათ ამ კომისიის იდეა და არ გამოაქვთ პლენარულზე. ნუ, არასერიოზულია, თქვან, რა ინფორმაცია სჭირდებათ და არ აქვთ და მიიღებენ სადეპუტატო შეკითხვის ან სხვა ფორმატში“, – განაცხადა მან.

8 აგვისტოს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მისი თქმით, ამ კომისიამ უნდა დააყენოს პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა და უნდა დადგეს ასევე სისტემური პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.