აცრა ნებაყოფლობითია და მოქალაქეებს ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ | ტიკარაძე

პუბლიკა

ეკა ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის მიღება დააანონსა. მისი თქმით, 13 მარტს საქართველო „ასტრაზენეკას“ პირველ დოზას მიიღებს. ცნობილია, რომ პირველ კვარტალში მიღებული დოზა საქართველოში სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდება.

მინისტრმა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობაზე შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება ყველა ჯგუფისთვის და მოქალაქეებს შეეძლებათ ვაქცინის არჩევა.

„დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრები სამედიცინო ასოციაციებთან. მათი მონაწილეობა ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი. მათ აქვთ წვდომა როგორც სამედიცინო პროფესიონალებთან, ისე მოსახლეობასთან. მათ გავუზიარებთ ჩვენს პლატფორმებს, რაც მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ეს პროცესი, რეალურად, დაწყებულია და მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. რაც შეეხება მოლოდინს, თუ როგორია მოსახლეობის განწყობა – მოსახლეობის განწყობა დეკემბერსა და იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, თუმცა ეს საკმარისი არაა. საამისოდ კიდევ გვაქვს სამუშაო. ეს იქნება კამპანია, მიმართული ცნობიერების ამაღლებაზე.“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალში ვაქცინაცია ასევე ნებაყოფლობითია, თუმცა იმედოვნებს, რომ მათი მონაწილეობა ამ პროცესში მაღალი იქნება.

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაცია საქართველოში ნებაყოფლობითია. რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევაც და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, გაიკეთონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ენდობიან. რაც შეეხება ხარისხის კომპონენტს და განსხვავებას ვაქცინებს შორის – აქ მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება. ყველა ვაქცინას ექნება მკაცრი მარეგულირებლის აღიარება. ექიმების შემთხვევაშიც აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა ექიმებმა იციან რა მათი სანდოობა, მათი მონაწილეობა ამ პროცესში მაღალი იქნება“. – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.