გაბუნია: ამ ეტაპზე რასაც მივიღებთ, გაწვდება მედპერსონალს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია Pfizer-ის სათავო ოფისთან და Covax-ის წარმომადგენელთან, დაზუსტდა ვაქცინის მოწოდების პირობები, შემოტანის ეტაპები, ე.წ. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები. ასევე, Pfizer-მა მოითხოვა ინფორმაცია იმ ცენტრებზე, სადაც აეროპორტიდან ვაქცინებს გაანაწილებენ და ვაქცინაციის ადგილებზე ინფორმაცია.

გაბუნიას თქმით, სამედიცინო დაწესებულებები მარეგულირებელმა უკვე შეარჩია და ინფორმაცია Pfizer-ში გააგზავნა.

„წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის მიმართულებით დაიწყება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, unicef-მა უკვე მიიღო დასტური „ასტრაზენეკასგან“ პირველი დოზების მოწოდებაზე.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ 129 000 დოზა ჩამოვა მარტის ბოლომდე, რაც 30%-ია იმ დოზის, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ „ასტრაზენაკასგან“. მისივე თქმით, „ასტრაზენკას“ ვაქცინა, რომელსაც „კოვაქსის“ პლატფორმიდან ველოდებით, წარმოებულია კორეაში.

„ამ ეტაპზე რასაც მივიღებთ ეს გაწვდება მედპერსონალს. მედპერსონალის ჯგუფში 57 ათასი ადამიანია, რომლის ვაქცინაცინა პირველ ეტაპზე იგეგმება. თუმცა მალევე ველოდებით დამატებით დოზებს აპრილში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე. ეტაპობრიობა, რაც გეგმაში გვაქვს გათვალისწინებული, მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება. ვაქცინაციის გეგმას მივყვებით ისე, როგორც ეს განსაზღვრული გვქონდა. ჩვენ ვსაუბრობთ ორკვირიან დაგვიანებაზე ფაიზერისგან, რადგან თავდაპირველად გვქონდა მოლოდინი, რომ ვაქცინა შემოვიდა თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე, მაგრამ დაწყება დაგეგმილი გვქონდა პირველ კვარტალში. ვიწყებთ პირველ კვარტალში. უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს, რომ გაფართოვდება მოცვა მეორე კვარტალში და ყველაზე დიდი მოცვა იქნება მესამე და მეოთხე კვარტალში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე – რას აკეთებს სამინსიტრო „კოვაქსის“ პლატფორმის მიღმა სხვა ვაქცინების მოპოვებისთვის? – გაბუნიამ უპასუხა, რომ სამინისტრო „კოვასთანაც“ საუბრობს დამატებით დოზებზე და ასევე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს მწარმოებლებთან.

„კოვაქსის პლატფორმაზე ნოვავაქსის ვაქცინა განთავსდა და ვიმუშავებთ კოვაქსთან. ასევე მიდის აქტიური მუშაობა სხვა პირდაპირ მწარმოებლებთან  დამატებითი დოზების მიღებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 მილიონ ნახევარი დოზა გვჭირდება დამატებით, გარდა იმისა, რასაც კოვაქსისგან მივიღებთ.

გაუთქმებლობის ხელშეკრულებები არის რამდენიმე კომპანიასთან. მათ შორის გახლავთ „მოდერნა“ და მოკლე ხანში ამ ხელშეკრულებების პირობები ჩამოყალიბდება და დეტალებს გაგაცნობთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.