აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა - საპატრიარქო ვაქცინაციაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ აცრასთან დაკავშირებიტ ეკლესიის პოზიცია სინოდის დადგენილებაშია ასახული, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ „აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა“ და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ.

„მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია. კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, რომ მათი ქმედებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ გასცდეს სინოდის განჩინებას. თვითნებობის შემთხვევაში კი მრევლს შეუძლია მომართოს საქართველოს საპატრიარქოს“,- ნათქვამია განცხადებაში.