ACTR-ის კვლევა: მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა

პუბლიკა

ეისითი კვლევის (ACTR) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური განწყობებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესწავლა, საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი — 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, ხოლო 55%-სთვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა.

„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს” , – წერია კვლევაში.

კვლევაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება იმის გარკვევა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ვინ უნდა იყოს ძირითადი აქტორი მისი გამოსწორების პროცესში.

ACTR-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.

„კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 30% ხარჯების დაზოგვას გეგმავს მოგზაურობასა და დასვენებაზე, ხოლო 29% — გართობის მიმართულებით. ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ფინანსური კრიზისის გაღრმავების ფონზე HORECA ბიზნესს მომხმარებელთა კლების ყველაზე მაღალი რისკი აქვს.

ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, გარკვეულ კატეგორიებში მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს ხარჯვის მაღალ განწყობას — რაც მიუთითებს ამ სერვისებისა და პროდუქტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

კერძოდ, გამოკითხულთა 68% აცხადებს, რომ უახლოეს 6 თვეში სავარაუდოდ თანხას დახარჯავს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე. აღნიშნული ადასტურებს, რომ ჯანმრთელობა მოსახლეობისთვის უმაღლეს პრიორიტეტად რჩება.

გარდა ამისა, 40% განიხილავს ხარჯვას განათლების მიმართულებით, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია საკუთარი მომავლის მიმართ. ეს მიანიშნებს მოსახლეობის ნაწილში არსებული განწყობისკენ — ეკონომიკური არასტაბილურობა პროფესიული განვითარების გზით გადალახონ.

ხარჯვის მინიმალური განწყობა ფიქსირდება ფინანსური ინვესტიციების მიმართულებით, სადაც მხოლოდ 16% განიხილავს ფულის ჩადებას. აღნიშნული ტენდენცია ასახავს, რომ არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ. ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველადი საჭიროებების დაფარვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში”, – წერია კვლევაში.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორებიცაა, მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.