ადამიანების ნაწილი იქ არ მისულა გადატრიალების შესახებ გეგმების მოსასმენად - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი 20 ივნისს ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციას აფასებს.

„გუშინდელი აქცია, რასაკვირველია, არ მოიცავდა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც სურთ მთავრობის ჩამოგდება. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად მიილტვის და მიისწრაფვის იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ყველანი ჩვენ.

ამ ადამიანებიდან არაერთისთვის, მე და თქვენ ვიცით, რომ იყო გარკვეული იმედგაცრუება, იმიტომ, რომ ისინი იქ არ მისულან იმისთვის, რომ მოესმინათ გადატრიალების შესახებ გეგმები და ისინი არ იყვნენ მოცულნი იმ მიზნით, რომ აქციაზე მისულიყვნენ რევოლუციის მოთხოვნით“, – განაცხადა წულუკიანმა.


გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.

LB loan image desktop LB loan image mobile