„ეს ყველას კულტურული მემკვიდრეობაა. უკრაინის არქიტექტურული საგანძური განადგურების წინაშე დგას“,- ასე იწყება The New York Times-ის სტატია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტებს მიმოიხილავს.
სტატიის ავტორი ივან რეილი წერს, რომ უკრაინელებისთვის, მათი კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილია ქვეყნის ისტორიული შენობები, ხელოვნების ნიმუშები, თუ საზოგადოებრივი მოედნები, რომელიც სახასიათოა უკრაინის ქალაქებისთვის.
ხარკოვის ცენტრი. ფოტო: Pavel Dorogoy/Associated Press
გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
ომის შედეგად უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი ნანგრევებად იქცა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ადამიანური ტრაგედიების ამსახველი, შემზარავი სურათები ყოველდღიურად ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის აგრესიას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.
ადამიანური ტრაგედიების და იმ ტანჯვის გარდა, რომელიც რუსულმა აგრესიამ გამოიწვია, ნადგურდება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაც. ის მემკვიდრეობა, რომელიც უკრაინის იდენტობის გამომხატველია.
უამრავი ისტორიული შენობა, ფასდაუდებელი ნამუშევრები და საჯარო მოედნები ნანგრევებად აქცია რუსულმა რაკეტებმა, ბომბებმა და ცეცხლსასროლმა იარაღმა.
წმ. ანდრიას ეკლესია ლვოვის ცენტრში, რომელიც თარიღდება მე-17 საუკუნით. ფოტო: Joseph Sywenkyj / The New York Times
უკრაინიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 7 ობიექტს აქვს ძეგლის სტატუსი მინიჭებული. ცხადია, ყველა მათგანი დიდი საფრთხის ქვეშაა. მნიშვნელოვნად დაზიანდა, ან განადგურდა სხვა ძეგლებიც [რომლებსაც მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვთ].
1 მარტს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსული შეტევის შედეგად დაზიანდა კიევში ბაბინ იარის ჰოლოკოსტის მემორიალური პარკი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მიერ ებრაელების მასობრივ მკვლელობას. დაბობმბვას ემსხვერპლა 5 ადამიანის სოცოცხლე.
მთლიანად დაიბომბა ხარკოვის ცენტრალური მოედანი, თავისუფლების მოედანი, სადაც მდებარეობს დეჟპრომი, იგივე ინდუსტრიის სასახლე, რომელიც მოდერნისტული, კონსტრუქტივიზმის სტილის ნაგებობაა და დათარიღებულია 1928 წლით. ის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების წინასწარულ სიაშია შეყვანილი. ეს ობიექტი სამომავლოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად განიხილება.
სომხური ტაძარი, რომელიც 600 წელზე მეტი ხნისაა, ლვოვის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა. ფოტო: Joseph Sywenkyj /The New York Times
სამხედრო თავდასხმის შედეგად ნანგრევებად იქცა ხარკოვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და ხარკოვის ფილარმონია.
„ამ დილით ორი რაკეტა ესროლეს თავისუფლების მოედანს [ხარკოვში], წარმოგიდგენიათ? ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ეს არის თავისუფლების ფასი. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ ჩვენი მიწისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. დღედან მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოედანს, მნიშვნელობა არ აქვს რა ჰქვია მას, ეწოდება თავისუფლების მოედანი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
კიევის წმ. სოფიას ტაძარი შეიძლება იყოს უკრაინის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა. ფოტო: Oksana Pelenska/ Radio Free Europe
სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ასახულია, თუ როგორ იბრძვიან უკრაინის მოქალაქეები საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად.
ფოტოზე ასახულია, თუ როგორ გადააქვთ იესო ქრისტეს ქანდაკება ლვოვის სომხური საკათედრო ტაძრიდან ბომბებისგან დასაცავად თავშესაფარში.
ქანდაკებები ლვოვის ისტორიულ ცენტრში შეფუთულია ცეცხლგამძლე მატერიით.
ლვოვში და უკრაინის სხვა ქალაქებში ქანდაკებ შეფუთულია ცეცხლგამძლე მატერიით. ფოტო: Daniel Leal/Agence France-Presse /Getty Images
28 თებერვალს უკრაინის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ გაანადგურა მუზეუმი ქალაქ ივანკოვში. მუზეუმში დაცული იყო ცნობილი უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს 25 ნამუშევარი.
„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტმა პრიმაჩენკოს ნამუშევრების განადგურებას „ხელოვნების გენოციდი“ უწოდა. მისი თქმით, ეს არის მცდელობა, რომ უკრაინული კულტურა წაიშალოს.
„სხვა რა უნდა ვუწოდოთ ამას? ეს არის უკრაინელი ხალხის ისტორიისა და მეხსიერების განადგურება. ასე უყურებს ამას უკრაინელი ხალხი“, – თქვა მან.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის უკრაინელი ხალხი ყველაზე მეტად კიევში წმ. სოფიას ტაძრის უსაფრთხოების საკითხზე შიშობს.
„ეს არის თითქმის ათსაუკუნოვანი მეხსიერება. ის ინახავს უკრაინის ისტორიას, უკრაინის ხელოვნების ისტორიას. წმ. სოფიას ტაძარი გადარჩა, ისე, როგორც უკრაინელი ერი გადარჩა“, – ამბობს ის The New York Times-თან ინტერვიუში.