ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის - თალაკვაძე ივანიშვილზე

პუბლიკა

„ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრისას.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც სწორედ დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ მოძალადე ხელისუფლება და მან გააკეთა ყველაფერი, რათა ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ჰქონოდა ნორმალური სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია, საკუთრების უფლება ყოფილიყო დაცული, საქართველოს მიეღო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება – ყველაფერი ეს საქართველოში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა. შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან, რომლის ნაწილიც და დამცველიც გახლავთ საქართველო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის საუბრები სანქციებთან დაკავშირებით არის აბსურდული და სერიოზული კომენტარის გაკეთება სიებთან დაკავშირებით უბრალოდ შეუძლებელია.


უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ.

„ომი და სანქციები“ არის პორტალი, სადაც მომხმარებელს შეუძლია, იპოვოს ადამიანი ან კომპანია, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, შეიტანონ ისინი სანქცირებულთა სიაში.

სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. მათ შორისაა, ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს სხვადასხვა ბიზნესი აქვს გაფორმებული.